ახალი ამბები

მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს 3 დღით ვერ მოემსახურება

27 სექტემბერი, 2017 • 2990
მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს 3 დღით ვერ მოემსახურება

თბილისის მერიის ცნობით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს სამი დღით ვერ მოემსახურება.

როგორც მერიიდან გვაცნობეს, მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სატესტო რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში მეტროს მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს მეტროსადგურ „დელისამდე“.

თბილისის მერიის განცხადებით, გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის.”

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაც თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, სექტემბრის მეორე ნახევარში უკვე უნდა გახსნილიყო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. ის რიგით 23-ე მეტროსადგური იქნება ქალაქში.

მასალების გადაბეჭდვის წესი