ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ 425 ავტობუსი იქირავა

27 სექტემბერი, 2017 • 3527
“ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ 425 ავტობუსი იქირავა

“ქართულმა ოცნებამ” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში 425 ავტობუსი და მიკროავტობუსი დაიქირავა. პარტიაში განმარტავენ, რომ ეს ავტობუსები მათ მხარდამჭერების მობილიზებისთვის სჭირდება.

“ავტობუსები ჩვენს პარტიას ჰქონდა დაქირავებული რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებზე ყოველ რეგიონში შემავალი რაიონებიდან და სოფლებიდან ჩვენი მხარდამჭერების ტრანსპორტირებისთვის. მაგალითად, როდესაც ქუთაისში ჩატარდა მერობის კანდიდატის წარდგენა, სამტრედიიდან, თერჯოლიდან, ზესტაფონიდან და სხვა რაიონებიდან მოხდა ჩვენი მხარდამჭერების ტრანსპორტირება ქუთაისში და უკან. ანალოგიურად მოხდა ყველა რეგიონულ დედაქალაქში, სადაც ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მერობის კანდიდატების წარდგენა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, გამოიყენებენ თუ არა ამ ავტობუსებს არჩევნების დღეს ამომრჩევლის მობილიზებისთვის და საარჩევნო უბანზე წასაყვანად, თალაკვაძემ ასე გვიპასუხა:

“საარჩევნო დღესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გვექნება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”.

აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ნაქირავები ავტობუსების იჯარისთვის თვეში 62 676 ლარია გათვალისწინებული.

425-დან სამი ავტობუსი იქირავეს “საზოგადოებრივი გაერთიანება ქართული ოცნებისგან” , რომლის გამგეობის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო გამგეობის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, გია ვოლსკი და ირაკლი სესიაშვილი არიან.

ავტომობილების ქირაობის გარდა, ერთჯერადად ავტოსატრანსპორტო მომსახურების შესაძენად “ქართულ ოცნებას” კიდევ არაერთი ხელშეკრულება აქვს დადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი