ახალი ამბები

“პატრიოტების” ერთმა დეპუტატმა კონსტიტიციის პროექტს მხარი დაუჭირა – ინაშვილის განმარტებები

26 სექტემბერი, 2017 • 2243
“პატრიოტების” ერთმა დეპუტატმა კონსტიტიციის პროექტს მხარი დაუჭირა – ინაშვილის განმარტებები

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობით დღეს კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა და ქვეყანას უკვე ახალი კონსტიტუცია აქვს. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, ხოლო კონსტიტუციის კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო “პატრიოტთა ალიანსის” სამმა დეპუტატმა. შესაბამისად, ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო პროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო ორმა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ამის მიზეზად კომპიუტერული სისტემის გაუმართაობას ასახელებს და მიიჩნევს, რომ არასაიმედო სისტემით შესაძლოა სხვა დროსაც ხშირად მომხდარიყო შედეგების შეცვლა, მანიპულირება და გაყალბება. მისი თქმით, ამ ფაქტით გმოძიება უნდა დაინტერესდეს.

დღევანდელ პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომას. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარ თავზე მოირგო კონსტიტუცია.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სამი დეპუტატი დაესწრო: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი. სამივე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, თუმცა ერთ-ერთმა მხარი დაუჭირა პროექტს. ინაშვილის განცხადებით, ფრაქციის დანარჩენი სამი დეპუტატი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო: თვითონ, გიორგი ლომია, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება, და ზაზა მიქაძე. შესაბამისად, მათ არც კენჭისყრაში მიუღიათ მონაწილეობა.

“ძალთა ამ გადანაწილებას, ამ ტაქტიკურ ნაბიჯს ერთი მარტივი მიზეზი ჰქონდა და აქვს: სხდომა ჩვენ ბოკერიებთან ერთად არ დავტოვეთ, რომ მოგვიანებით ჩვენი პროტესტი გაიგივებული არ ყოფილიყო ბოკერიების პროტესტთან და მედიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს არ შევეწუხებინეთ კითხვით – რატომ მოვიქეცით ისე, როგორც ბოკერია? რეზიუმე – ჩვენ არა ბოკერიას დღის წესრიგით, არამედ განსხვავებული სტრატეგიით გავაპროტესტეთ ძალადობა კონსტიტუციაზე,” – აცხადებს ინაშვილი.

პარტიის ლიდერი ირწმუნება, რომ რიგგარეშე სხდომაზე დამსწრე სამივე დეპუტატმა კონსტიტუციის წარმოდგენილი ვარიანტის წინააღმდეგ მისცა ხმა:

“ხაზს ვუსვამ – წინააღმდეგ! მაგრამ ერთი დეპუტატის ხმა რატომღაც ხელისუფლებამ მიითვისა და 117 მხარდამჭერს შორის აღმოჩნდა. სხდომის დასრულების შემდეგ სამივე დეპუტატმა იგივე უარყოფითი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა მედიასთან. თუ თეორიულად რომელიმე მათგანმა კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა, საჯაროდ როგორ აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას? აბსურდია. გამოდის, რომ კომპიუტერული სისტემა მწყობრში არაა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ არასაიმედო სისტემით ხშირად, სხვა დროსაც ხდება კენჭისყრის შედეგების შეცვლა, მანიპულირება, გაყალბება, რაც გამოძიების საგნად უნდა იქცეს.”

აღნიშნული მიზეზის გამო დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ ირმა ინაშვილი  ითხოვს ამ ფაქტის ირგვლივ გამოძიების დაწყებას.

“მორიგჯერ ვაფიქსირებ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პოზიციას: პარლამენტის ვიცესპიკერი, ჩემი სახით, დგას პარლამენტის შენობის წინ და აპროტესტებს საკონსტიტუციო უზურპაციას! სწორედ საარჩევნო დიქტატურის დამყარებაა მოშიმშილეთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი! ფრაქციის სამმა დეპუტატმა სხდომაზე მკაფიოდ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა! სამმა დეპუტატმა, მათ შორის მე, ბოიკოტის რეჟიმი აირჩია და სხდომას არ დაესწრო,” – აცხადებს “პატრიოტების” ლიდერი.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობით დღეს კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა და ქვეყანას უკვე ახალი კონსტიტუცია აქვს.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობით დღეს კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა და ქვეყანას უკვე ახალი კონსტიტუცია აქვს.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მესამე მოსმენისას შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში შეუძლებელია. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მთავარი დავის საგანს საარჩევნო სისტემა წარმოადგენდა. ახალი კონსტიტუციით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წელს გადავა. 2020 წელს კი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ოპოზიცია ითხოვდა, რომ 2020 წლიდან ჩატარებულიყო არჩევნები პროპორციული სისტემით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე  სხდომა 26 სექტემბერს დანიშნა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი