ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

სათათბირო ფერმერთა პრობლემების მოსაგვარებლად

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ფერმერთა სათათბირო დაფუძნდა. ფერმერთა სათათბიროში ქვეყნის 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ფერმერი გაერთიანდება.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ სათათბიროს შექმნის მთავარ მიზეზად ხელისუფლებასთან უკეთესი თანამშრომლობა დაასახელა.

“შეიქმნა ფერმერთა სათათბირო, რაც გულისხმობს იმას, რომ 60 მუნიციპალიტეტიდან 120 მოთათბირე იქნება წარმოდგენილი. სათათბირო ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების დონეზე არსებული პრობლემების გამოვლენას. შემდეგ უკვე ფერმერთა ასოციაცია მოახდენს კომუნიკაციას ხელისუფლებასთან”, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

სათათბიროსთან ერთად შეიქმნა მობილური აპლიკაცია აგრონავტი. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ამ აპლიკაციიდ საშუალებით ფერმერები შეძლებენ განახლებული ინფორმაციის მიღებას სოფლის მეურნეობაში მიმდინარე მოვლენებზე.

ფერმერებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სფერო დღეს გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო.

“ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება კომუნიკაციას ფერმერებთან. შესაბამისად, ორგანიზებული ფორმით ფერმერთა სათათბიროს არსებობა დაგვეხმარება, ფერმერების საჭიროებები უკეთ დავინახოთ. ჩვენი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის დროს გათვალისწინებული იყოს მათი საჭიროებები,”- ამბობს ლევან დავითაშვილი.

სათათბიროს შექმნის ფაქტს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარიაც დადებითად აფასებს. მინისტრმა ფერმერთა გაერთიანება საქართველოში არსებულ სხვა პროფესიულ გაერთიანებებს შეადარა და იქ მყოფ ფერმერებს უთხრა, რომ ამ მხრივ ფერმერთა ასოციაცია საუკეთესოა.

“მე არ მახსენდება დარგობრივი ასოციაცია, რომელიც ასე ხარისხიანად იყოს ორგანიზებული და ასე სტრუქტურიზებულად შეეძლოს თავისი ინტერესების წარმოდგენა და ამ ინტერესების  დაცვა. რა თქმა უნდა, ეს არის ასოციაციის ხელმძღვანელობის დამსახურება. გამოდის, რომ ფერმერები ამ ქვეყანაში ყველაზე ორგანიზებულები არიან, რაც ძალიან სასიხარულოა და იმედია, ეს ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

P_20170926_111057

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანამა ENPARD-ის პროგრამის შესახებ ისაუბრა. ელჩის თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის დარგისთვის დაახლოებით 500 მლნ ლარის გრანტი გამოიყო.

“ევროკავშირი მიესალმება ფერმერთა სათათბიროს შექმნას. ჩვენ გვჯერა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი სამუშაო ადგილები ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი უდიდესი დონორი ორგანიზაციაა სოფლის მეურნეობის დარგში,” – აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ახალციხიდან  ფერმერთა სათათბიროს წევრი გიორგი ნათელიძე იქნება. ახალგაზრდა ფერმერის თქმით, მისი მიზანია, რაიონებში არსებული პრობლემების შესახებ  ფერმერთა სათათბიროში ისაუბროს.

“ყველა ფერმერს არ აქვს საშუალება იმის, რომ მთავრობასთან კომუნიკაცია ჰქონდეს. ჩვენ, სათათბიროს  წარმომადგენლები,  ვიმუშავებთ რაიონის და რეგიონის დონეზე და ჩვენი მიზანი იქნება, პრობლემებს მოვუყაროთ თავი და ვეძებოთ პრობლემების გადაჭრის გზები,”-ამბობს ფერმერი.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წელს დაფუძნდა. ამჟამად ასოციაცია 2000-მდე  ფერმერს აერთიანებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.