ახალი ამბებიკომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

რობერტ ჰამილტონი: რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჩუმი ომით რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს

26 სექტემბერი, 2017 • 6952
რობერტ ჰამილტონი: რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჩუმი ომით რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს

როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის მიერ წარმოებულ ბორდერიზაციის პროცესს? –  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, ექსპერტებმა ესტონეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან გააკეთეს კომენტარი, თუ რა პოტენციური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას “ბორდერიზაციის” საპასუხოდ. გთავაზობთ დოქტორ რობერტ ე. ჰამილტონის [აშშ-ის არმიის ომის კოლეჯი, აშშ] კომენტარს ამ თემაზე:

 

რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ში მიმდინარე დებატებმა, თუ როგორ უპასუხონ კრემლის მხრიდან აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევას, ნაკლებად აქტუალური გახადა რუსეთის მორიგი შეტევა საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე – ე.წ. ბორდერიზაციაზე საქართველოში.

„ბორდერიზაცია“ გულისხმობს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური „ობლასტის“ სასაზღვრო ზოლებზე ბარიერების აშენებას დე ფაქტო საერთაშორისო საზღვრად გადაქცევის მიზნით. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოების აშკარა უმრავლესობა ამ ფაქტს საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს: პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამჟამად რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიის ის ნაწილიც, რომელიც 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომამდე უდავოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენდა;  მეორე რიგში კი, იმიტომ, რომ რუსეთმა არ დაუშვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საქართველოს წინააღმდეგ ამ ჩუმი ომის წარმოებით რუსეთი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს. პირველ რიგში, ეს არის სამხედრო პოზიციების გაუმჯობესება საომარი მოქმედებების აღდგენის შემთხვევაში. საზღვრების გამუდმებით გადმოწევით რუსეთმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოინაცვლა საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი გზისკენ, რაც  ნებისმიერი სახის განახლებულ კონფლიქტში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გარდა, „ბორდერიზაციის“ მეთოდი, მისი თანდათანობით მზარდი ბუნებიდან გამომდინარე, ისეა მოფიქრებული, რომ არ ექცევა სამხედრო აგრესიის სამართლებრივი დეფინიციის ქვეშ. ამავდროულად კი, საქართველოს დილემის წინაშე აყენებს. თუკი საქართველო ვერ შეძლებს ეგრეთ წოდებულ მცოცავ ანექსიაზე რეაგირებას, ქვეყანა დადგება საფრთხის ქვეშ, სახელმწიფომ სამუდამოდ არ დაკარგოს ტერიტორიები, ხოლო მის ხალხს გაუქრება რწმენა, რომ მთავრობას მათი დაცვა შეუძლია.

მეორე მხრივ, თუ სახელმწიფოს ზედმეტად წინააღმდეგობრივი რეაქცია ექნება, ამით რუსეთსგამამართლებელ მიზეზს მისცემს, სამხედრო აგრესია განაახლოს. რუსეთის მესამე და ყოვლის მომცველი ამოცანა კი ის არის, რომ საქართველო არასტაბილურ და სამხედრო თვალსაზრისით დაუცველ ქვეყნად, შესაბამისად, პოტენციურ საპასუხისმგებლო ტვირთად წარმოაჩინოს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თვალში, რის გამოც საქართველოს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებაში შეუშლის ხელს.

სამწუხაროდ, ამ დილემიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ საქართველოს შეუძლია გარკვეული ღონისძიებების გატარებით შეამციროს მისი ეფექტი. პირველ რიგში, ეს არის „ბორდერიზაციის“ და რუსეთის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამხრეთ ოსეთში არდაშვების ფაქტი შენარჩუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველგან, სადაც კი რუსეთის მიერ უკრაინის ინტერვენციის საკითხი წამოიჭრება, იქვე მოხდეს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვაც, როგორც მოსკოვის უფრო დიდი და ზოგადი გეგმის ნაწილისა, შეაშინოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს მეზობელ ქვეყნებში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გზით. მეორე სტრატეგია შეიძლება იყოს „მცოცავ ანექსიაზე“ „მცოცავი რეინტეგრაციით“ პასუხი. ეს მოიცავს მშვიდობიან და თანდათანობით მზარდ ქმედებებს, რაც სტიმულს მისცემს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ საქართველოს. ცხადია, ეს სტრატეგია დიდ მოთმინებასა და დროს – სავარაუდოდ, ათწლეულებს – მოითხოვს. თუმცა, აშშ-ის მხრიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ მიმართული ცივი ომის სტრატეგიის მსგავსად, ასეთმა „რბილმა ძალამ“ შესაძლოა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისკენ გაუკვალოს გზა.

 

სხვა ექსპერტთა კომენტარების ნახვა შეგიძლიათ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი