ახალი ამბები

იტალიაში “ქართული კრიმინალური ჯგუფის” 28 წევრი დააკავეს

26 სექტემბერი, 2017 • 2109
იტალიაში “ქართული კრიმინალური ჯგუფის” 28 წევრი დააკავეს

იტალიის მედიის ცნობით, იტალიასა და გერმანიაში დააკავეს 28 ადამიანი, რომლებიც ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები არიან.

torinotoday-ს ცნობით, დაკავებულები სახლებსა და სადაზღვევო კომპანიების ოფისებს ძარცვავდნენ.

torinotoday იუწყება, რომ დამნაშავეები იტალიის პოლიციამ 18-დან 22 სექტემბრის პერიოდში დააკავა. გამოძიების ცნობით, დაკავებულები  2015 წლის დეკემბრიდან ჩადიოდნენ დანაშაულს ტურინის, სავონის, ალექსანდრიის, კუნეოსა და პავიის მხარეებში.

cronacasocial-ის ცნობით, დაკავებულები კრიმინალური ჯგუფის წევრები არიან, რომელსაც იტალიის სხვადასხვა მხარეში 85 წევრი ჰყავს. ისინი ე.წ. ბულგარულ გასაღებს იყენებდნენ, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ტიპის კარს აღებდნენ.

იტალიაში "ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს. ფოტო: lastampa

იტალიაში “ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს. ფოტო: lastampa

პოლიციაზე დაყრდნობით, მედია ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ საცავში, სადაც მოპარულ ნივთებს საქართველოში გასაგზავნად ინახავდნენ, მოწყობილი ჰქონდათ სავარჯიშო, სადაც ბრალდებულები კარის სწრაფად გაღებაში ვარჯიშობდნენ.

lastampa იუწყება, რომ კრიმინალური ჯგუფის წევრები ისე მშვიდად გრძნობდნენ თავს, რომ ფარულ სათვალთვალო კამერებსაც კი არ ერიდებოდნენ. იტალიის პოლიციის მიერ მომზადებული ვიდეოს მიხედვით, რომელიც lastampa-მ გაავრცელა, ჩანს, თუ როგორ უჩვენებენ შუა თითს სათვალთვალო კამერებს. მედიის ცნობით, ამ და სხვა ტიპის შეცდომების დაშვების შედეგად პოლიციამ მათი ვინაობის დადგენა შეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი