სვანტე კორნელი: სამხედრო ძალები ე.წ სასაზღვრო ხაზებთან რუსეთს მიწების მიტაცებას გაურთულებდა

როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის მიერ წარმოებულ ბორდერიზაციის პროცესს? –  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, ექსპერტებმა ესტონეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან გააკეთეს კომენტარი, თუ რა პოტენციური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას “ბორდერიზაციის” საპასუხოდ. გთავაზობთ დოქტორ სვანტე ე. კორნელის [ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პაულ ჰ. ნიცეს სახელობის უმაღლესი საერთაშორისო მეცნიერებების სკოლა, აშშ] კომენტარს ამ თემაზე: 

2008 წლის ომის შემდეგ საქართველო “ბორდერიზაციის” უპრეცედენტო გამოწვევის პირისპირ დგას, რაც რეალურად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის მხრიდან განგრძობად საომარ ქმედებებს გულისხმობს – ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცალმხრივი დაწინაურება მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, მოსკოვი ამას იყენებს, ერთი მხრივ, როგორც სასჯელს საქართველოს მიერ არჩეული დამოუკიდებლობის კურსის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, როგორც ბერკეტს – ტერიტორიის კიდევ უფრო გადმოწევის მუქარით. ის ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე.

ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც სამხედრო საფრთხის წინაშე დგას, შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე, მეტ-ნაკლებად რეალისტური არჩევანი – დიპლომატიური ქმედებითა და განცხადებებით დაწყებული, ეკონომიკური და სამხედრო ნაბიჯებით დამთავრებული. 2008 წლის ომიდან მოყოლებული საქართველო მხოლოდ ერთადერთ – დიპლომატიურ  საშუალებას იყენებს. უფრო მეტიც, დიპლომატიურ მეთოდს საქართველო ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს მიმართავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ ტერიტორიის მიტაცების თითოეულ, ინდივიდუალურ შემთხვევაზე რეაგირებს, მაგრამ მას არ შეუქმნია გრძელვადიანი და უწყვეტი დიპლომატიური კამპანია, რომლის მიზანიც საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს შორის კონკრეტული შედეგის მიღწევა იქნებოდა. საქართველოს არც შეირაღებული ძალები განუთავსებია ადმინისტრაციულ საზღვრებთან, რაც რუსეთს მიწების მიტაცებას გაურთულებდა.

საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, ძირითადად იმ ვარაუდზე ამყარებს იმედებს, რომ რადგან საქართველოს რუსეთთან დიალოგი სურს, მოსკოვიც საპასუხოდ თავს შეიკავებს მტრული ქმედებებისგან. ნათელია, რომ ასე არ ხდება. თეორიულად, მსგავსი საფრთხის ქვეშ მყოფი ნებისმიერი სახელმწიფო თავის შეიარაღებულ ძალებს საზღვართან განალაგებდა, რათა ტერიტორიების მიტაცება უფრო გაერთულებინა. თუმცა გასაგებია და სწორიცაა, რომ საქართველოს ეშინია, ქართული ჯარის საზღვართან ყოფნა მოსკოვმა არ გამოიყენოს ახალი და უფრო დიდი კონფლიქტის წამოწყების მიზეზად. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია, შეუიარაღებელი სამხედრო ძალები ე.წ სასაზღვრო ხაზებთან განათავსოს და თავდაცვითი ინფრასტრუქტურაც აღმართოს, რათა მიწის მიტაცება ბევრად რთული გახდეს. ზემოხსენებული ვარიანტი აუცილებლად უნდა განიხილოს.

ამის მიღმა კი აშკარაა, რომ საქართველომ უნდა გამოიჩინოს დიდი დიპლომატიური ძალისხმევა, რათა თავის პარტნიორებს ყურადღება გაამახვილებინოს იმ ტენდენციებზე, რაც კარგა ხანია რუსეთის საქციელში შეინიშნება. ასევე, დასავლეთმა უპასუხოს ისეთი აქტიური ქმედებებით, როგორიცაა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ან ევროკავშირის მიერ სასაზღვრო ხაზების მონიტორინგის გაძლიერება. მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერსონალის მუდმივ რეჟიმში განთავსება რისკის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, შესაძლოა, რუსეთისთვის შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს “ბორდერიზაციის” გაგრძელების პროცესში, რადგან აშკარაა, რომ ამჟამად რუსეთს არაფერი უშლის ხელს.

 

სვანტე კორნელი; ფოტო:http://rumiforum.org/

სვანტე კორნელი; ფოტო:http://rumiforum.org/

სხვა ექსპერტთა კომენტარების ნახვა შეგიძლიათ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი