როგორ იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს მეღვინეობაში

მეღვინეობა ერთდროულად ხელოვნებაცაა და მეცნიერებაც. თითოეული ღვინო უნიკალურია, ის ერთგვარი ტექსტია, რომელიც მოიცავს ამბავს ქვეყნის ნიადაგსა და გეოლოგიაზე, ყურძნის ტიპსა და მეღვინეობის სტილზე. ღვინო ნატურალური პროდუქტია, რომლის ხარისხიანობის ტექნოლოგია უკვე ტრადიციულ, თითქმის არქაულ რიტუალთანაა დაკავშირებული.

მაგალითად, რვა ათას წელზე მეტი ისტორიის ქართული ქვევრის ღვინის ტრადიცია „იუნესკომ“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საგანძურად აღიარა. მაგრამ რადგანაც მსოფლიოში შეინიშნება იმის ტენდენცია, რომ ადამიანები სმის დროს ალკოჰოლის რაოდენობას კი არა, მისი ხარისხის დაგემოვნებას ანიჭებენ უპირატესობას, მეღვინეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კარგი თუ საუკეთესო ღვინის კრიტერიუმად გადაიქცა.

სპექტროფოტომეტრი

22016582_10214200944405498_1840257154_n

ფოტო: ktssci.com

ღვინის სპექტროფოტომეტრიული ანალიზი თანამედროვე წარმატებული მეღვინეობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც პროდუქტის პარამეტრებზე კრიტიკულ ინფორმაციას კრებს. ის ვენახის საზღვრებს გარეთ, ლაბორატორიების გარეშე აანალიზებს, თუ რა არის საჭირო ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად. სპექტროფოტომეტრი ღვინის ხარისხს მისი ფერის საფუძველზე აანალიზებს და სხვა სენსორულ ინფორმაციასაც განსაზღვრავს. გარდა იმისა, რომ ფერი საზღვრავს ყურძნის სახეობას, ზრდის პირობებს, ტემპერატურასა და „დაძველების“ ხანგრძლივობას, ის ერთგვარი ესთეტიკური კრიტერიუმიცაა, თუმცა, ცხადია, ღვინის ფერი ესთეტიკის ჩარჩოებს ცდება. ფერი ღვინის ასაკსა და ხარისხზე მიგვითითებს, ასევე მისი წარმოების თავისებურებებზე და გვაწვდის ინფორმაციას ამიაკის, ვაშლის მჟავის, შაქრის, თავისუფალი ამინომჟავების, ფენოლისა და ალკოჰოლის შემადგენლობაზე და ოპერატიულად კრებს ინფორმაციას ღვინის პრობლემასა თუ ღირსებებზე.

Vinbot

Vinbot – ასე ჰქვია მოძრავ რობოტს, რომელიც მეღვინეების კეთილი მეგობარი გახდა. ევროპელი მეღვინეები უკვე წარმატებით იყენებენ მას, როგორც ყურძნისა და მისი მოსავლის შესახებ სანდო ინფორმაციის მიმწოდებელს, რომელიც ვენახის მდგომარეობის შესახებ დეტალურად ყვება. რობოტი მიწაზე დამოუკიდებლად გადაადგილდება, 3D ფოტოებს იღებს და ყურძნის შესახებ შეკრებილ ინფორმაციას სერვერზე აგზავნის, შემდეგ ეს ფოტომასალა სპეციალური ალგორითმის საშუალებით გადამუშავდება, რის შედეგადაც მეღვინე ვენახის სხვადასხვა მონაკვეთებზე ყურძნის ოპტიმალური სიმწიფისა და მოსავლიანობის სრულ სურათს იღებს.

ფოტო: vinbot.eu

ფოტო: vinbot.eu

ამგვარი მობილური, რობოტიზირებული პლატფორმა ძალიან მოსახერხებელია სხვადასხვა დაქანების ტერიტორიაზე განლაგებული ვენახების მოსავლის პროგნოზირებისას. ის აღჭურვილია ნავიგაცია–ლოკალიზაციის სენსორებით და მას 45 გრადუსის დახრილობის ფერდობებზე გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლია. მეცნიერები ამაში ხედავენ ე.წ. „ზუსტი მეღვინეობის” მომავალს, რომელიც არა მარტო მაღალკონკურენტუნარიანი ღვინის ბიზნესის განვითარების საწინდარია, არამედ გაყიდვების პროგნოზისთვისაც შეიძლება გამოდგეს. „ზუსტი მეღვინეობა“ კი მიმართულია ტექნოლოგიების აპარატული და პროგრამული საშუალებების ინტეგრაციით ვიზუალურ კონტროლზე დამოკიდებულების შემცირებისკენ. აქვე გამოიყენება ე.წ. გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები, რომელიც კრეფს მონაცემებს ჰაერის, ნიადაგის, ფოთლების ტენიანობაზე, მზის რადიაციასა და ტემპერატურაზე დაკვირვებით.

ცხადია, მეღვინის მიერ თითოეული ვაზის შესახებ საკუთარი თვალით/ხელით მოგორვებული ინფორმაცია ძალიან ღირებულია, თუმცა ამ ახალი ტექნოლოგიის საშუალებით მიღებული მონაცემები უფრო ზუსტია, რადგანაც მოსავლის პროგნოზის ცდომილება მხოლოდ 10–15 პროცენტს შეადგენს.

Coravin

ღვინის არასწორი შენახვა ერთერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელიც ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ხარისხზე მოქმედებს: მომატებული ტემპერატურა ან ზედმეტი ნესტი ღვინოზე ნეგატიურად მოქმედებს, ისევე როგორც ჟანგბადი. ამიტომ ბოთლის ღვინოების ყუთებს, რომლებიც დახლზე უნდა მოხვდეს, ხშირად ტემპერატურულ/ტენიანობის სენსორებსაც უმაგრებენ.

ფოტო: The Telegraph

ფოტო: The Telegraph

არსებობს უკვე გახსნილი ღვინის სიჯანსაღის შენარჩუნების ხერხიც. ესაა ატომური ენერგეტიკოსის, გრეგ ლამბერხტის მიერ დაპატენტებული ხელსაწყო Coravin, რომლის საფუძველს სამედიცინო აპარატი წარმოადგენს. ის გარეგნულად ველოსიპედის ტუმბოს ჰგავს. ემაგრება ბოთლის ყელს, ზევიდან ხელის დაჭერის დროს კი ნემსი საცობს ხვრეტს. იმისთვის, რომ ჭიქა შეივსოს, Coravin–ის ბერკეტს უნდა დააჭირო, ამ დროს ღვინო წვრილი ჭავლით მოგრძო მილიდან ჭიქაში მოედინება. როგორც კი სასურველი რაოდენობა ჩამოიღვრება, ნემსი უკან ბრუნდება, ხოლო საცობი გახვრეტილ ადგილს ავტომატურად მაშინვე ავსებს, რითაც ჟანგბადს კეტავს.

Vintank

ეს არის პროგრამული Software, ერთგვარი მოსახერხებელი ინტერეფეისი, რომელიც კალიფორნიაში შეიქმნა და წარმოდგენს სპეციფიკურ, კერძოდ, კი მეღვინეობაზე და დასვენების ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სოცმედიას. ის უზრუნველყოფს ინტენსიურ საუბარს, დიალოგს, დებატებს ღვინოსა და ღვინის ინდუსტრიაზე. Vintank – ზე ყოველდღე მილიარდზე მეტი ადამიანი შედის, მათ შორის, ორმოცდაათ მილიონამდე ღვინის მომხმარებელი, სასტუმროების/რესტორნების მენეჯმენტის წარმომადგენლები და ამავე დროს ის ათასზე მეტი სახის ღვინოს „ემსახურება“.

22014852_10214200950205643_787449221_n

Vintank მეღვინეებს, რესტორნებისა და სასტუმროების მმართველობას კლიენტების ჩართულობის უზრუნველყოფით ეხმარება. ის ერთგვარი ღვინის სოციალური ინტელექტია, ღვინის ინდუსტრიის Think-Tank– ია, რომლის ყურადღების ცენტრში ღვინის შესახებ კრიტიკული სოციალური მედიის ინტერაქციებიცაა და ღვინის უკვე არსებული და მომავალი მომხმარებლებიც.

Vivino

ღვინის ინდუსტრია დღეს სამას მილიარდ დოლარს ითვლის და ძალიან მარტივად – სტარტაპით იმართება. Vivino სისტემააა, რომელიც ღვინის მყიდველს საშუალებას აძლევს დაასკანეროს ღვინის ბოთლი და მაშინვე მიიღოს მომხმარებლების რევიუები, საშუალო სტატისტუკური შეფასებები, ფასების მერყეობა ამა თუ იმ ღვინოსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის მყიდველს კარგი ღვინის შერჩევაშიც ეხმარება.

ფოტო: entornointeligente.com

ფოტო: entornointeligente.com

„ვაივინო“ სმარტფონის პროგრამული დამატებაა. მის მონაცემთა ბაზაში ცხრა მილიონამდე ღვინის ბოთლია. საშუალოდ, Vivino –ზე ღვინის სკანირების რაოდენობა ყოველდღიურად სამას ათასს აღწევს. ეს არის ღვინის ყველაზე დიდი კატალოგი, სადაც მსოფლიოში წარმოებული ლამის ყველა სახის/ბრენდის ღვინის პოვნაა შესაძლებელი. ის სასმელის მაღაზიებსა თუ რესტორნებში საუკეთესო გიდის როლს ასრულებს. Vivino–ს საშუალებით შესაძლებელია ღვინის სხვადასხვა კლუბებში გაწევრიანება, ასევე, არა მარტო ღვინის დაწურვის, არამედ ღვინის ბოთლების შექმნის ისტორიის მოძიებაც. ცხადია, Vivino ღვინის გაყიდვის საიმედო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით ასი ათას დოლარზე მეტი მოცულობის ვაჭრობას უზრუნველყოფს.

მთავარ ფოტოზე: ევროპული პრესფოტო სააგენტო.  EPA/NIC BOTHMA  

______________________________________________________

 

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი