ახალი ამბები

კალაძის დაპირება – ღვიძლის ტრანსპლანტაციას მერია დააფინანსებს

26 სექტემბერი, 2017 • 2982
კალაძის დაპირება – ღვიძლის ტრანსპლანტაციას მერია დააფინანსებს

თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 25 სეტემბერს განაცხადა, რომ  მომავალ წლებში ჯანდაცვის მიმართულებით ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება – დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი, ხოლო ტრანსპლანტაციის პროგრამას – ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი.

“ეს ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და გადავწყვიტეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ესაჭიროება, თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ განახლდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი და შემოიყვანს 70 ახალ სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ექნება პორტატული კომპიუტერი და ახალი საკომუნიკაციო სისტემა. მისი თქმით, ეს პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარით დაფინანსდება.

კალაძე ამბობს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირება სრულად გადავა ელექტრონული მართვაზე და მინიმუმამდე შემცირდება დაფინანსების მიღებისთვის საჭირო ლოდინის პერიოდი.

“ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ სპეციალური ვებპლატფორმა, რომლითაც ადამიანი სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებს. დღეს ინტერნეტთან ყველას მიუწვდება ხელი და, შესაბამისად, შეუძლია მისწეროს კონკრეტულ ვებგვერდზე, რომელიც იქნება შექმნილი, და, შესაბამისად, რამდენიმე სააათში მიიღებს პასუხს იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოითხოვს,”- განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაგრძელდება ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება გამგეობებისგან.

კალაძის განცხადებით, ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამების გარდა, მომავალ წელს თბილისის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის პროგრამებზე 15 მილიონ ლარს დახარჯავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი