ახალი ამბები

“ჩაკრულო” კოსმოსში და NASA-ს წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში

25 სექტემბერი, 2017 • 8445
“ჩაკრულო” კოსმოსში და NASA-ს წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში

დღეს “ტექნო პარკს” NASA-ს წარმომადგენლები, რობ მენინგი და ჯონ კასანი სტუმრობდნენ. NASA-ს წარმომადგენლების ვიზიტი ჩაკრულოს უკავშირდებოდა. 1977 წელს NASA-მ კოსმოსში ე.წ ოქროს ჩანაწერი გაგზავნა, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის ქართული ჩაკრულოც იყო.

კოსმოსში ჩაკრულოს გაშვების ისტორიის შესახებ “ნეტგაზეთთან” მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ “ნოვას” პრეზიდენტმა რამაზ ბლუაშვილმა ისაუბრა.

“ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც ლეგენდარული კარლ საგანის მეუღლეს დავუკავშირდი. ის პირადად იყო სამხატვრო ხელმძღვანელი ამ ოქროს დისკის პროექტის. მან მომიყვა ისტორია იმის შესახებ, როგორ მივიდნენ ალან ლომაქსთან, ძალიან ცნობილ ფოლკლორისტთან, რომელმაც პირველივე, რაც მოასმენინა, იყო ჩაკრულო. იმდენად მოვინუსხეთო, რომ მაშინვე ვთქვით, ეს ჩანაწერი უნდა ყოფილიყო კოსმოსში. სამ დღეში NASA-ში დარეკეს ამერიკაში სსრკ-ის საელჩოდან და თქვეს, რომ საქართველო არ არის ცალკე ქვეყანა, ის საბჭოთა კავშირის ნაწილიაო. მათ NASA-ს წარმომადგენლებს შესთავაზეს “მოსკოვის საღამოები” . სსრკ-ის შეთავაზებაზე  NASA-მ უარი თქვა. ასე მიიღეს ჩაკრულოს კოსმოსში გაგზავნის გადაწყვეტილება,”- ამბობს რამაზ ბლუაშვილი.

თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი დაბრკოლება, რაც სსრკ-მა ჩაკრულოს შეუქმნა. რამაზ ბლუაშვილის თქმით, საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებმა ჩაკრულოს ტექსტიც თარგმნეს და NASA-ს წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ეს აგრესიული სიმღერა იყო და მშვიდობიან პროგრამაში არ უნდა გაეგზავნათ. ამის მიუხედავად, კარლ საგანის გადაწყვეტილებით, არჩევანი ქართულ ჩაკრულოზე გაკეთდა.

NASA-ს მარსის პროგრამის ხელმძღვანელმაც ისაუბრა ჩაკრულოს არჩევის ისტორიის შესახებ.

“მე შევარჩიე კარლ საგანი და მან შეარჩია ჩაკრულო. მან შეაგროვა ადამიანთა მცირე ჯგუფი და ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოში მუშაობდა. ჩემი ინფორმაციით, რუსებს სურდათ რუსული სიმღერის არჩევა, თუმცა ამ ადამიანებს არ მოეწონათ რუსების მიერ შეთავაზებული სიმღერა და არჩევანი შეარჩერეს ფოლკლორულ სიმღერაზე”, – გვითხრა NASA-ს მარსის პროგრამის ხელმძღვანელმა რობ მენინგმა.

შეხვედრას  საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელიც ესწრებოდა. მისი თქმით, ჩაკრულოს კოსმოსში გაშვება ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 40 წელი გავიდა Voyager-ის პროგრამის დაწყებიდან. ამ პროგრამის ფარგლებში კოსმოსში  კაცობრიობის მიერ შექმნილი სახელოვნებო შედევრები წაიღეს. მათ შორის- ქართული ჩაკრულო. ბუნებრივია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩაკრულო შეარჩია კარლ საგანმა და ეს არის საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი,”- განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

ტექნოპარკში NASA-ს წარმომადგენლები სტარტაპებსაც შეხვდნენ. Voyager-ის მენეჯერმა ჯონ კასენმა შეხვედრაზე ინოვაციების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

“მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ტექნოლოგიები და ინოვაცია ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვხედავ, რომ საქართველო ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ეს  კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, “-განაცხადა ჯონ კასენმა.

Voyager  NASA-ს 1977 წლის პროგრამაა, რომლის მიზანიც  პლანეტების სისტემის შესწავლა იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი