ახალი ამბები

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 სექტემბერს დაინიშნა

25 სექტემბერი, 2017 • 1783
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 სექტემბერს დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, პარლამენტი უფლებამოსილია, რიგგარეშე  სხდომაზე 26 სექტემბერს შეიკრიბოს. მისი თქმით, 14:01 სთ-ზე, ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.

„ვადებს რაც შეეხება, მოთხოვნა გავაგზავნეთ ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით. ეს მოთხოვნა 14:01 წუთზე გაიგზავნა. კონსტიტუციაში წერია, რომ ვადები იანგარიშება მოთხოვნის გაგზავნიდან. შესაბამისად, გაგზავნის ფაქტს აქვს იურიდიული მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ინიციატივით შევიკრიბოთ სამშაბათ დღეს, 14:01 სთ-ზე. ეს არის რეალური მოცემულობა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის კომუნიკაცია შედგა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას, სადაც მესამე მოსმენით ახალი კონსტიტუცია უნდა დამტკიცებულიყო.

“საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარიშე სხდომა, რადგან კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზი, მათ შორის მთავარია ის, რომ ეს არ არის თანხმობის დოკუმენტი. ამავე დროს, პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არაა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შედეგად კი, ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამავე დროს, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და, შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე განმარტებით, ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური განაცხადი და 48 საათის გასვლის შემდეგ უმრავლესობას თავადაც შეუძლია შეიკრიბოს. კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი