ახალი ამბები

კობახიძე: დასაბუთების შემთხვევაში რელიგიის თავისუფლებაზე კონსტიტუციაში ცვლილებება შესაძლებელია

25 სექტემბერი, 2017 • 2027
კობახიძე: დასაბუთების შემთხვევაში რელიგიის თავისუფლებაზე კონსტიტუციაში ცვლილებება შესაძლებელია

„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ორგანიზაციებთან და თუ დაგვიმტკიცებენ იმას, რომ შეგვიძლია სახელმწიფო უსაფრთხოება  გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა მივანიჭოთ რწმენის თავისუფლებას კონკრეტულ შემთხვევებში, მაშინ შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ავსახოთ კონსტიტუციაში“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც  რწმენის თავისუფლებას ეხება.

„რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით მესამე მოსმენის პროცესში არაფერი არ შეიცვლება. მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შეიძლება შევიდეს, შესაბამისად, შინაარსს ვერ შევეხებით. რაც შეეხება ჩარევის საფუძვლების დაკონკრეტებას, ეს იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ ჩვენ დაგვეკონკრეტებინა რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები და ეს გაკეთდა. ეს იყო ჩვენი მიზანი და ამოცანა. აქ საუბარია ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას.

კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თუ ერთ მხარეს დგას სახელმწიფო უსაფრთხოება და მეორე მხარეს დგას რწმენის ინდივიდუალური თავისუფლება, უპირატესობა უპირობოდ უნდა მიენიჭოს რწმენის თავისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ. ეს შეიძლება გახდეს შემდეგი კანონპროექტის ერთ-ერთი მსჯელობის საგანი, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ორგანიზაციებთან და ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა მივანიჭოთ რწმენის თავისუფლებას კონკრეტულ შემთხვევებში, მაშინ შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ავსახოთ კონსტიტუციაში. თუმცა ეს უნდა დაგვისაბუთონ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვენეციის კომისიამ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია კონსტიტუციაში რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ ჩანაწრი. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზეზით არ უნდა ხდებოდეს.

“სახელმწიფოს არ შეუძლია, ეროვნული უსაფრთხოების დაცვა გამოიყენოს როგორც ერთადერთი საფუძველი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისთვის რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად. გასათვლისწინებელია, რომ ამ შეზღუდვის საფუძველი უნდა იყოს ძალიან ცხადი/ზუსტი და ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს”,- ნათქვამია დასკვანში.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი