სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან წარგზავნილ სამ კანდიდატთან – ლადო ჭანტურიასთან, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავასთან ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართება.

უწყების ცნობით, გასაუბრება სამეტაპიანი კონკურსის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, რომლის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგიში მოსამართლეობის სამი კანდიდატურა წარადგინა. მათივე ცნობით, კანდიდატები დადებითად შეფასდნენ ევროსაბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის მიერ. ამით საქართველოში შიდა შესარჩევი პროცედურები დასრულდა.

კონკურსის მეორე ეტაპზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის წევრები გასაუბრებისას ერთ ან ორ კანდიდატს შეარჩევენ. კომიტეტის წევრების მიერ შერჩეულ კანდიდატებს ან კანდიდატს მესამე ეტაპზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს, რის შემდეგაც საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოდან 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.

საქართველოს მთავრობას მესამედ ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა.

მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. მესამედ გამოცდახებული კონკურსის შედეგად ისინი ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებით ჩაანაცვლეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი