შერგელაშვილი: სამწუხაროა, რომ “რესპუბლიკელების” ადეკვატურობა კატასტროფულად ეცემა

“ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ადეკვატურობის ხარისხი კატასტროფული სიჩქარით ეცემა”- ასე უპასუხა “შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მისი ყოფილი თანაპარტიელებისგან შექმნილი “შენების მოძრაობა” ფსევდოოპოზიციური, ხელისუფლების სატელიტი პარტიაა:

“ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება, ამას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ძალიან სამწუხაროა, რომ საკმაოდ დიდი ტრადიციების მქონე პარტია აბსოლუტურად არაადეკვატურობის გზაზეა დამდგარი”, – განაცხადა შერგელაშვილმა.

თავისი განცხადების საილუსტრაციოდ ხათუნა სამნიძემ რამდენიმე მაგალითი დაასახელა, რომლებიც შეეხება “შენების მოძრაობაში” მოქმედი გამგებლებისა და “ოცნების” აქტივისტების გადასვლას წინასაარჩევნო პერიოდში, რაზეც შერგელაშვილი აცხადებს:

“საოცარი ლოგიკაა. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მართლაც სიურპრიზებს მოაწყობს ამ ქვეყანაში, მათ შორის 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებზე, და ძალიან ბევრი ადამიანი გვიერთდება სრულიად სხვადასხვა პარტიებიდან, მათ შორის “ქართული ოცნებიდან”. ის, რომ გარკვეული ჯგუფები, მათ შორის გამგებლები და საკრებულოს დიდი ნაწილი, რამდენიმე რაიონში ჩვენი სახელით იღებს არჩევნებში მონაწილეობას, აქედან არანაირად არ გამომდინარეობს [რაც ხათუნა სამნიძემ თქვა] … უფრო საპირისპირო გამომდინარეობს”.

მისივე თქმით, იგი გამორიცხავს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან “შენების მოძრაობის” თანამშრომლობას:

“ამას გამოვრიცხავ აბსოლუტურად. ოდნავ ღიმილის მომგვრელიც კი არის. იმ ფინანსური რესურსებით, რითაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებთ, რაიმე დამატებით წყაროებზე საუბარი საფუძველმოკლებულია. არაადეკვატურია”.

დავით უსუფაშვილმა და რამდენიმე სხვა ლიდერმა რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს და რამდენიმე თვის წინ ჩამოაყალიბეს “შენების მოძრაობა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com