ახალი ამბები

ბაღის დირექტორს ბავშვის ფანჯრიდან გადმოვარდნისთვის უფლებამოსილება შეუჩერდება – მერია

25 სექტემბერი, 2017 • 5375
ბაღის დირექტორს ბავშვის ფანჯრიდან გადმოვარდნისთვის უფლებამოსილება შეუჩერდება – მერია

თბილისის მერია ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღში დღეს მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვის გადმოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ყოვლად გაუმართლებელი. მერია მოუწოდებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე ბაღის დირექტორსა და პასუხისმგებელ აღმზრდელებს უფლებამოსილება შეუჩეროს.

“მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია,” – აცხადებს მერია.

თბილისის მერიის განცხადებით, გმმობენ მომხდარს და მიმართავენ საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი:

“ამასთან, თბილისის მერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ავალებს, გამოძიების დასრულებამდე შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.”

ბაღის დირექტორმა, მარინა გოგოლაძემ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ “ბავშვი ინკლუზიურია” და “თავისით გადახტა ფანჯრიდან”. თბილისის მერია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან.

თბილისის N 206 საბავშო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს დილით გადმოვარდა. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის. საავადმყოფოში იმყოფებიან ბავშვის ახლობლები, ბაღის ადმინისტრაციის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თბილისის მერიის წარმომადგენლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

206-ე ბაგა-ბაღი ფონიჭალაში 2016 წლის მაისში გაიხსნა. დავუკავშირდით თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორს, თემურ თორდინავას, რომელსაც ვკითხეთ, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა და დაინიშნა ამ ბაღის დირექტორად მარინა გოგოლაძე:

“ეს ქალბატონი ჩვენს სისტემაში მუშაობდა ისედაც, ოღონდ სხვა თანამდებობაზე, ის იყო ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მეთოდისტი, საკმაოდ გამოცდილი მეთოდისტი იყო და აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც გამოცდილი და კვალიფიციური კადრი, გაიარა ჩვენთან გასაუბრება და დავნიშნეთ 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორად… მხოლოდ გასაუბრება იყო, ჩვენ დირექტორების დანიშვნის დროს კონკურსის წესი არ გვაქვს,”- განაცხადა თემურ თორდინავამ.

ნეტგაზეთს ბაგა-ბაღის ერთ-ერთმა ყოფილმა დირექტრმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2007 წელს საბავშვო ბაღის დირექტორების კონკურსში მარინა გოგოლაძე ჩაიჭრა. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება თემურ თორდინავასთან ვცადეთ. მან განგვიცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს, რადგან 2007 წელს ჩატარებული კონკურსის მონაცემები არ აქვს.

 

თბილისის N206 ბაგა-ბაღი. ფოტო: მერია

თბილისის N206 ბაგა-ბაღი. ფოტო: მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი