ახალი ამბები

გერმანიის პარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტია შევა, თუმცა მთავრობას ისევ მერკელი უხელმძღვანელებს

25 სექტემბერი, 2017 • 1948
გერმანიის პარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტია შევა, თუმცა მთავრობას ისევ მერკელი უხელმძღვანელებს

გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პირველად ექვსი დეკადის განმავლობაში  ბუნდესტაგში შევა ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”. პარტიამ ხმათა 13% აიღო და მესამე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “ალტერნატივა გერმანიისთვის” ყველაზე პოპულარული იყო აღმოსავლეთ გერმანიაში, ყოფილ გდრ-ში, სადაც მთლიანი ხმათა ოდენობის 26% მოაგროვა.  

ულტრამემარჯვენე პარტია მხარს უჭერს მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას, ევროზე უარის თქმას, მუსულმანობის, როგროც “არაგერმანული მოვლენის” აღქმასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას.

გუშინ ბერლინში, “ალტერნატივა გერმანიისთვის “ შენობის ირგვლივ  აქცია გაიმართა, რათა გაეპროტესტებინათ პარტიის ბუნდესტაგში შესვლა. აქციის მონაწილეები ბანერებით გამოვიდნენ და სკანდირებდნენ- “ არა ნაცისტებს”  , “რასიზმი არ არის ალტერნატივა“. აქციის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. მათი განცხადებით, რამდენიმე წარმომადგენელი ბოთლებისა და ქვების სროლი შედეგად დაშავდა.  

რაც შეეხება, ხმათა უმრავლესობას, არჩევნების მიხედვით, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი 33%-ით ლიდერობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ანგელა მერკელი უკვე მეოთხე ვადით ჩაუდგება ქვეყანას სათავეში. მას მოსდევს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ხმების 20.5%-ით.

არჩევნების პირველად შედეგებზე კომენტარისას ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” ყველაზე ძლიერი პარტიაა, რომლის მთავარი მიზანიც  მთავრობის ფორმირებაა, თუმცა უკეთესი რეზულტატის იმედი ჰქონდათ.
2013 წელს გერმანიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებს ხმების 41% ჰქონდათ.

ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას მსგავსი დაბალი შედეგი 1949 წლის შემდეგ არ ჰქონია. ამის გამო საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად მერკელს მოუწევს რომელიმე სხვა პარტიასთან კოალიციის შექმნა. დღესდღეობით არსებული “დიდი კოალიციის” თანამშრომლობის გაგრძელება მემარჯვენე და მემარცხენე ცენტრისტებს შორის ხმათა 53%-ის გარანტიას მოიტანდა, მაგრამ სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, მარტინ შულცის მიერ აღიარებული დამარცხება ზემოხსენებულს შეუძლებელს ხდის.

ხუთპროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახეს თავისუფალ-დემოკრატიულმა პარტიამ -10.7% ; მემარცხენე პარტია Die Linke-მ – 9.2 %  და “მწვანე” პარტია Grüne= 8.9 %.

მასალების გადაბეჭდვის წესი