ახალი ამბები

ციანიდის საქმეში დამარცხდა საპატრიარქოც და ხელისუფლებაც – სამნიძე ივანიშვილის გავლენებზე საუბრობს

23 სექტემბერი, 2017 • 3635
ციანიდის საქმეში დამარცხდა საპატრიარქოც და ხელისუფლებაც – სამნიძე ივანიშვილის გავლენებზე საუბრობს

“ის, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია ხდება, ამაში პარტიები არაფერ შუაშია, თუ სხვა პარტიებიც გააკრიტიკებენ. დისკრედიტაცია ხდება ეკლესიის შიგნიდან, როცა რიგი ეპისკოპოსებისა ისე ესაუბრებიან ხელისუფლებას, თითქოს მათ შეუძლიათ ასე, ულტიმატუმის ენით ესაუბრონ ხელისუფლებას,” – ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გადაცემა “განსახვავებულ აქცენტებში” გააკეთა ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებული პროცესების კომენტირებისას.

ხათუნა სამნიძემ ამ კონტექსტში ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა:

“ხელისუფლებამ ვერ გამოიძია ეს საქმე. ძალიან კარგად გვახსოვს ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი, როდესაც ქვეყანა ინგრეოდა, პატრიარქზე მზადდებოდა მკვლელობა და რომელიც პირდაპირ იყო ჩარეული ამ შიდა პროცესებში. ეს იყო ხელისუფლების განაწილება. საბოლოოდ ხელისუფლებამ ვერ გამოიძია, დამარცხდა საპატრიარქოც ამ პროცესშიც იმიტომ, რომ სრული დისკრედიტაცია მოხდა და დამარცხდა ყველა ინსტიტუტი – სამართალდამცავები და ზოგადად, ხელისუფლება, და ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენები. გზა გავლენის მოსაპოვებლად არის დისკრედიტაცია”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც პროკურატურამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიაქრის მდივან რეფერენტის – შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მკვლელობის მომზადება დასდო ბრალად. მას 9–წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ხელისუფლება თავიდან მიანიშნებდა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა. დეკანოზი გერმანიაში გამგზავრების დროს დააკავეს, როცა იქ იმყოფებოდა ილია მეორე ოპერაციის გასაკეთებლად. რამდენიმე დღის წინ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება არ გამოიძიებს ამ საქმეს, იძულებული გახდება, თავად ჩაერთოს და გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული მასალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი