ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ველოდებით

22 სექტემბერი, 2017 • 1438
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ველოდებით

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინი აქვს ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე დღეს უნდა გამოქვეყნდეს:

“ვენეციის კომისიის დასკვნის მიმართ მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური. წინა დასკვნაში ასახული იყო 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ. შესაბამისად, ველოდებით დადებით დასკვნას ვენეციის კომისიისგან. ჩვენ მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელშიც უზრუნველყოფილია ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება”,- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კობახიძემ საარჩევნო სისტემაზეც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა და ამაში ოპოზიციას დასდო ბრალი:

“პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წლისთვის გახდა შეუძლებელი კონკრეტული გარემოებების გამო და მთავარი გარემოება იყო ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნა იმ პირობებშიც კი, თუ ჩვენ 2020 წელს გადავიდოდით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ასეთი კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების პირობებში, ბუნებრივია, შეუძლებელი გახდა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს მიზანი არის მიღწეული. მართალია, 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით არჩევნები, თუმცა 2020 წლის ნოემბერში ამოქმედდება სრულფასოვნად საკონსტიტუციო ცვლილებები”,- განაცხადა კობახიძემ.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი