10836

საია: ვასაჩივრებთ მუხლს, რომლითაც დაუმორჩილებლობის მოტივით მოქალაქეებს უკანონოდ აკავებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლს გაასაჩივრებენ, რომელიც პოლიციას დაუმორჩილებლობის მოტივით მოქალაქის უკანონოდ და თვითნებურად დაკავების უფლებას აძლევს.

ამის შესახებ საიას ოფისში დღეს, 13:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლზე, რაც მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საიას იურისტის, გიორგი გოცირიძის თქმით, დღევანდელ ბრიფინგზე ორგანიზაცია მედიას წარუდგენს კონკრეტულ მაგალითებს, როცა პოლიცია დაუმორჩილებლობის მოტივით უკანონოდ აკავებდა მოქალაქეებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციელებს ძირითადად საპროტესტო აქციებიდან გადაჰყავთ განყოფილებაში მოქალაქეები. სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.