ქორეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: არაოფიციალურ ფეისბუქ გვერდიდან

მეუფე იაკობი: სახელმწიფო თუ ვერ გამოიძიებს, რაც ხდებოდა პატრიარქის მიმართ, იძულებული გავხდები ჩავერთო

“ჩემთვის ამაზრზენია უკვე, რაც ხდება, საერთოდ,” – ამ განცხადებით დაიწყო დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა ტელეკომპანია “იბერიაში” სატელეფონი ჩართვა გადაცემაში, რომელსაც არჩილ გამზარდია უძღვება.

“რამოდენიმე წელია უკვე ჩემ მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. დღეს ახსენა ერთმა ჭაბუკმა, ზვიად კუპრავამ, ჩემზე ბრძანა, რომ მხედრიონში ვიყავი თურმე ნანა კაკაბაძესთან ერთად. მე ვადასტურებ, რომ მხედრიონში არასდროს ვყოფილვარ და არც ლანჩავას მოადგილე ვყოფილვარ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

იგი ე.წ. ციანიდის საქმეს გამოეხმაურა:

“ერთი რამეა – სახელმწიფო თუ ვერ გამოიძიებს იმას, რაც ხდებოდა პატრიარქის მისამართით, იძულებული გავხდები, მე ჩემი რესურსებით ჩავერთო და აბსოლუტურად ყველას ვათქმევინებ, ვინ რას აპირებდა და  ვინ რას აკეთებდა, ეს იქნება სოსო ოხანაშვილი, ტარასი შავშიშვილი, ციხეში არ მიმესვლება ახლა მე, რომ გიორგი მამალაძეს ვათქმევინო ის, რასაც აპირებდნენ”, – განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

მან ვრცლად ისაუბრა იმის თაობაზე, თუ ვინ და რატომ იცავს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზეა მსჯავრდებული.

“მაგ მკვლელებს რატომ იცავენ? აი, მამალაძეს რატომ იცავენ?” – განაცხადა მეუფე იაკობმა. მისი თქმით, იმ პირთა წრე, რომლებიც იცავენ დეკანოზს, დაკავშირებულნი არიან ახალაიებთან/ ამ კონტექსტში მან ისაუბრა ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავაზე, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილზე და ა.შ.

“სოსო ოხანაშვილი იყო ბაჩო ახალაიას თანაშემწე. შეხედონ მერე, რომელი მეუფეები იცავენ და ახალაიებთან რა შეხება აქვთ…

სადაც არიან იმათი უფროსები, გავუშვებ ყველას იქ, ღვთის შეწევნით, იცოდნენ, არ დავუთმობ არავის არაფერს, ვინც არ უნდა მთხოვოს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან სხვა დეტალებზე აღარ ისაუბრა და დასძინა:

“მე თუ ოდესმე რამეს ვიტყვი და ალბათ ვიტყვი, საბუთებსაც დავდებ და შემიძლია ვიდეო და ის მასალაც დავდო მაგ ყველაფერზე. თუ სახელმწიფო არ დადებს, მე დავდებ და თქვენს ეთერში იქნება ეს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.


მნიშვნელოვანი ცნობები:

15 იანვარი, 2017 – საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი არჩილ გამზარდია, რომელსაც 2015 წელს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გადაცემა “20/30” მიჰყავდა ტელეკომპანია “ჯიდიესზე”, ფეისბუკში ავრცელებს ინფორმაციას, რომ იგეგმება პატრიარქის ქორეპისკოპოსის იაკობ იაკობიშვილის ლიკვიდაცია და პოტენციურ მკვლელად ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ასახელებს თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცერს.

2 თებერვალი, 2017 – პატრიარქი სამკურნალოდ მიჰყავთ გერმანიაში.

8 თებერვალი, 2017 – არჩილ გამზარდია ფეისბუკში აქვეყნებს კიდევ ერთ პოსტს, რომელშიც წერს: “ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე, სადაც პატრიარქის მოკვლა უნდოდათ, რაც ადვილად გასაღდებოდა ბუნებრივად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჩავთვალოთ, რომ სიზმარში გავიგე, როგორ უპირებდნენ პატრიარქს ოპერაციის ჩატარებას საქართველოში, როგორ გაუმზადეს მას მაგიდაც კი საოპერაციო, როგორ მზადდებოდა მისი ლიკვიდაცია. ახლა კი ამას ქვეყნის გარეთ ცდილობენ. ჩათვალეთ, რომ მეჩვენება, მთავარია ვთქვათ და გამოვთქვათ, რომ ძალიან ფრთხილად მიუდგეს სპეცსამსახურებიც, სინოდის დაინტერესებული წევრებიც იმას, რასაც პატრიარქის უსაფრთხოება ჰქვია. ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ცოცხალი საქართველოში”.

10 თებერვალი, 2017 – გერმანიაში მიმავალ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის აეროპორტში პროკურატურა აკავებს, რომელსაც, გამოძიების ცნობით, ჩხრეკისას აღმოაჩნდა მომწავლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რომლითაც პროკურატურის ცნობით, ამზადებდა პატრიარქის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

14 თებერვალი, 2017 – პარალელურად მედიაში ვრცელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით წერილი, რომელშიც ეკლესიის ქონების დასაკუთრების გამო მწვავე დაპირისპირებაზეა საუბარი მასსა და ქორეპისკოპოს იაკობს, ასევე, შორენა თეთრუაშვილს შორის. მოგვიანებით ამ შინაარსის წერილის არსებობას ადასტურებს მიტროპოლიტი პეტრე, რომელიც ღია სატელევიზიო ეთერში კიდევ ერთხელ ამხელს შორენა თეთრუაშვილსა და ქორეპისკოპოს იაკობს საპატრიარქოში ქონების დატაცებასა და სხვა “დანაშაულებში”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი