ნორვეგიის საპენსიო ფონდის ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივების  ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს  გადააჭარბა. ფონდის ხელმძღვანელის, იგვე სლინგსტადის განცხადებით , საპენსიო ფონდის აქტივების ზრდა სავალუტო ბაზარზე ცვლილებებმა გამოიწვია.

“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფონდის შემოსავალი ასე გაიზრდებოდა,  მასში პირველი ტრანსფერი 1996 წელს ნავთობიდან მიღებული შემოსავლებით განხორციელდა”,-ამბობს სლინგსტადი.

CNN Money წერს, რომ ერთი ტრილიონი დოლარი  დაახლოებით მექსიკის ეკონომიკის მოცულობაა.

ნორვეგია ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, საპენსიო ფონდში სწორედ ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ირიცხება.  საპენსიო ფონდი მსხვილ ინვესტორადაც მიიჩნევა. ის  9 000-ზე მეტ კომპანიაში 667 მილიარდი დოლარის აქციებს  ფლობს მსოფლიოს მასშტაბით.

ნორვეგიის საპენსიო ფონდი ასევე ფლობს წილებს ისეთ კომპანიებში როგორებიცაა Apple, Nestle, Shell, Microsoft, Novartis და Google.

თუ ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივები გადანაწილდება ქვეყნის 5.2 მილიონ მოქალაქეზე, თითოეული ადამიანი 190 000 დოლარზე მეტს მიიღებს.

მსოფლიოში ნორვეგიაზე დიდი საპენსიო ფონდი  აქვს იაპონიას. იაპონიის სახელმწიფო საპენსიო ფონდის ღირებულება 1.3 ტრილიონ დოლარს აღწევს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.