ახალი ამბები

ოცნებისა და ევროპული საქართველოს შემომწირველთა ნაწილის გამოკითხვას აუდიტის სამსახური ვერ ახერხებს

21 სექტემბერი, 2017 • 2509
ოცნებისა და ევროპული საქართველოს შემომწირველთა ნაწილის გამოკითხვას აუდიტის სამსახური ვერ ახერხებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ დრომდე არ გამოუკითხავს „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ 9 შემომწირველი, რომელთა მიმართაც გარკვეული კითხვები არსებობდა.  აქედან 7 მმართველი, 2 კი ოპოზიციური პარტიის შემომწირველია.

როგორც პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, მოცემულ შემთხვევებში გამოკითხვაზე დაბარებულებს იურიდიულ მისამართზე ვერ მიაკვლიეს. შესაბამისად, ვერც ოფიციალური წერილის ჩაბარება მოხერხდა. მისი თქმით, ამჟამად აუდიტის სამსახური აღნიშნულ პირთა ალტერნატიული მისამართების მოძიებას ცდილობს.

„ჩვენ მათ [გამოკითხვაზე დაბარებულებს] ვუკავშირდებით მხოლოდ იურიდიულ მისამართზე, ოფიციალური წერილის ფორმით. შესაბამისად, იურიდიულ მისამართზე წერილები ვერ ჩავაბარეთ და უნდა მოვიძიოთ ალტერნატიული მისამართები, სადაც წერილებს გავგზავნით მომდევნო კვირაში. ამჟამად მხოლოდ ის პირები გვყავს გამოკითხული, ვისაც წერილები პირველად მისამართებზე ჩაბარდა, სულ – 5 ადამიანი“.

ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული მისამართების მოძიების მცდელობაც უშედეგოდ დასრულდება, სამსახური სხვა გზებს მიმართავს, მათ შორის, შესაძლოა, ზემოაღნიშნულ პირებს საჯარო განცხადებითაც აცნობონ გამოკითხვაზე დაბარების შესახებ. ხოლო მაშინ, როცა პირი ოფიციალურ წერილს ჩაიბარებს, თუმცა გამოკითხვაზე მაინც არ გამოცხადდება, აუდიტის სამსახურს შეუძლია, სასამართლოს მიმართოს მისი დაჯარიმების თხოვნით, შესაბამისი დასაბუთებით.

14 ფიზიკური პირი, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა პარტიებში განხორციელებული შემოწირულობების გამო, გამოკითხვაზე გასულ კვირას დაიბარეს.

უწყებამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შემოწირულობების დასაბუთებულობა, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კითხვის ნიშნებს აჩენდა.

მონაცემების მიხედვით, 14 პირიდან 6-მა თანხა, ჯამში – 60 300 ლარი, „ევროპულ საქართველოს“, 8 მათგანმა კი, 240 000 ლარი,  „ქართულ ოცნებას“ შესწირა.

საერთო ჯამში, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, შემოწირულობები 11-მა პარტიამ მიიღო. თანხის რაოდენობით “ქართული ოცნება” და “ევროპული საქართველო” ლიდერობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი