ახალი ამბები

“გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე” – თაღლითური სქემა თუ რეალობა?

21 სექტემბერი, 2017 • 5798
“გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე” – თაღლითური სქემა თუ რეალობა?

“გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე,” – ამ შინაარსის სარეკლამო სმს-ები მობილური კავშირგაბმულობის სხვადასხვა ქსელის აბონენტებს უკვე თითქმის 2 თვეა მისდით. “ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რამდენად რეალისტურია ეს საქართველოში.

აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარეს, ან რაიმე სხვა მიზეზით გამოცდისთვის გვერდის ავლით სურთ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება, სხვადასხვა კომპანია საკუთარ სერვისს სთავაზობს. ასეთ კომპანიებში აცხადებენ, რომ აბიტურიენტს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით, უცხო ქვეყნის რომელიმე უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხოს, ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ კი სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ეს სერვისი აბიტურიენტს შესაძლოა რამდენიმე ათასი დოლარიც კი დაუჯდეს – ფასი იმაზეა დამოკიდებული, რომელ ქვეყანასა და ფაკულტეტს შეარჩევს მსურველი.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რამდენად თავსებადია მსგავსი შეთავაზებები კანონმდებლობასთან და ამ კომპანიებთან დაკავშირებას შეეცადა. თავდაპირველად, კომპანიის წარმომადგენელს თავი მომხმარებლად წარვუდგინეთ. კომპანიაში განგვიცხადეს, რომ სერვისი სრულიად კანონიერია.

კერძოდ, აბიტურიენტი, რომელიც ამ სერვისით ისარგებლებს, აუცილებლად უნდა წავიდეს უცხოეთში, ძირითადად სომხეთში ან უკრაინაში, იქ ერთი სემესტრი გაატაროს და ადგილობრივ უნივერსიტეტში ისწავლოს. ერთი სემესტრის დასრულების შემდეგ კი საერთაშორისო მობილობით, სტუდენტები ქართულ უნივერსიტეტებში შეძლებენ გადმოსვლას.

ამის შემდეგ ერთ-ერთ ასეთ კომპანიაში ოფიციალური კომენტარისთვის დავრეკეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ თანამშრომელს თავი წარვუდგინეთ, ინტერვიუს მოცემაზე უარი გვითრეს.

განათლების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საერთაშორისო მობილობით ისარგებლონ, უნდა წარმოადგინონ უცხო ქვეყანაში ცხოვრების შესაბამისი დოკუმენტაცია და მიღებული კრედიტების დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეისწავლის:

[tabs tab1=”მინისტრის ბრძანება”]

[tab id=1]

საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლა დასაშვებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანება).

აღნიშნული წესის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია როგორც უცხო ქვეყნის, ისე საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველემა სტუდენტებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

გ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

დ) საქართველოს მოქალაქეებმა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).

[/tab]

[/tabs]

სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემდეგ აღიარების დოკუმენტს, განცხადებასა და განცხადებაზე თანდართულ სხვა დოკუმენტაციას აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტუდენტისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მისანიჭებლად.

როგორც სამინისტროში ამბობენ, საერთაშორისო მობილობის განხორციელება დასაშვებია ერთი სემესტრის შემდეგაც. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება. აღიარება გულისხმობს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენას.

თუმცა აღსანიშნავია, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.

“უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წინაპირობას საქართველოს ფარგლებს გარეთ განათლების მიღება წარმოადგენს. საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსისა და, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გზით,” – ამბობენ სამინისტროში.

რაც შეეხება საერთაშორის მობილობით მოსარგებლე სტუდენტთა შანსებს, მოხვდნენ მათთვის სასურველ ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სამინისტროში ამბობენ, რომ კანონმდებლობა რაიმე სახის შეზღუდვას არ ითვალისწინებს:

“საერთაშორისო მობილობისას სტუდენტებს თანაბარი შანსი აქვთ, სწავლა გააგრძელონ სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების წინაპირობაა, პირის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი თანახმა იყოს, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე მიიღოს სტუდენტი. კანონმდებლობა რაიმე სახის შეზღუდვას სახელმწიფო ან კერძო უნივერსიტეტების მიერ სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი