ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია: სრული ტექდათვალიერების მყისიერად შემოღების მომხრე არ ვარ

“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მყისიერად ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სრულად ამოქმედებას მხარს არ უჭერს, თუმცა ეკოტესტის შემოღების მომხრეა:

თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ შეკითხვა ელენე ხოშტარიას დაუსვეს WMI ACCESS-ის მიერ ორგანიზაებულ შეხვედრა-დისკუსიაზე, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატებთან იმართება. ხოშტარიას თქმით, სხვადასხვა მიზეზებთან ერთად ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი გამომწვევი ავტომობილების გამონაბოლქვია:

“ჩვენ ვფიქრობთ ეკოტესტის შემოღებაზე. თქვენ, ალბათ, არ მოგეწონებათ, მაგრამ სრული ტექდათვალიერების მყისიერად შემოღების მომხრე არ ვარ, ეკოტესტის- კი. ის სოციალური ფონი, რაც არის, ასე ერთბაშად ამ ადამიანების გადაყრა არასწორი მგონია. ეკოტესტი არის აუცილებელი”,- განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, მანქანების რაოდენობის შემცირება ტექსდათვალიერების აღდგენით არ მოხდება. მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამისთვის სხვადასხვა კომპონენტია საჭირო, მათ შორის- სატრანსპორტო რეფორმა.

ელენე ხოშტარიას ისიც ჰკითხეს, მისი დამოკიდებულება ავტომობილების ტექდათვალიერების აღდგენასთან დაკავშირებით ხომ არ უკავშირდება წინასაარჩევნოდ ავტომფლობელების ხმებს, რომლებსაც დიდი ალბათობით ტექდათვალიერების აღდგენა არ სურთ:

“მე ვფიქრობ, რომ ბევრად მეტს ვანაწყენებ წინასაარჩევნოდ, როცა მიმაჩნია, რომ სრულფასოვანი ტექდათვალიერების შემოღება არ შეგვიძლია, ბევრად მეტს ვკარგავ წინასაარჩევნოდ, ვიდრე ვიღებ. მეტია ადამიანი, ვინც მანქანით არ დადის და ასევე ეკოტესტიც ტვირთია ამ ადამიანებისთვის. ეს  არ არის იაფი. ეს არის ჩემი ხედვა, თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს წინასაარჩევნო ხრიკია, ჩემთვის ნამდვილად ეს ასე არ არის”,- განაცხადა ხოშტარიამ

ხოშტარიას თქმით, იგი თვლიდა, რომ როდესაც 2004 წელს ტექდათვალიერება კორუფციის მიზეზით გაუქმდა, სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მოგვიანებით ხელისუფლება ამ საკითხს უნდა დაბრუნებოდა. ელენე ხოშტარიამ ასევე დააკონკრეტა, რომ ტექნიკური დათვალიერების მყისიერად ამოქმედებას არ უჭერს მხარს და არა ზოგადად.

რას ფიქრობს ამავე საკითხზე სხვა მერობის კანდიდატი, იხილეთ ბმულზე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com