ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

21 სექტემბერი, 2017 • 2480
სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

ყუფარაძე მიიჩნევდა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მის მიმართ უსამართლოდ მიმდინარეობდა. ამასთან, დაირღვა მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო ყუფარაძის უფლებები დაირღვა.

სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის შემდეგ ყუფარაძე განთავსებული იყო სრულწლოვან ქალ პატიმრებთან ერთად. მოგვიანებით კი გადაიყვანეს აღნიშნული საპყრობილის ცალკე ყოფნის საკანში ყველასაგან განცალკევებით, სადაც 5 თვე გაატარა. 5 თვის შემდეგ კი მასთან შეასახლეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგო. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, გვანცა ყუფარაძის უფლებები არც ამ ნაწილში დარღვეულა (კონვენციის მე-3 მუხლი).

2006 წელს ყუფარაძე 14 წლის იყო, როდესაც თანაკლასელის დანით მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ, სადაც ამ საქმის მოსამართლე თამარ ალანია იყო, ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებდა, რომ  გვანცა ყუფარაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

ბრალს არ აღიარებდა ბრალდებულიც. მომხდარი ფაქტის ყუფარაძისეული ვერსიით, დაზარალებულს თავს ორი კაცი დაესხა, რომელთა ვალიც დაზარალებულს ჰქონდა. გამოძიების ვერსიით კი, დაზარალებულმა გარკვეული რაოდენობის თანხა გვანცა ყუფარაძეს სთხოვა, რის შემდეგაც ყუფარაძემ მას ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.

სწორედ ეს საქმე შეახსენა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი ხუთი კანდიდატის შესარჩევი კომისიის სხდომაზე ერთ-ერთ კანდიდატს, თამარ ალანიას, რომელიც  სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის მოსამართლე იყო.

“თქვენ ხართ ქალი, თქვენ ხართ დედა. თუ გახსოვთ გვანცა ყუფარაძის საქმე?” – ჰკითხა იუსტიციის მინისტრმა ალანიას. იგი დაინტერესდა, თუ როგორი იქნებოდა ალანიას მიდგომა დღევანდელ ვითარებაში.

თამარ ალანიამ ამ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სააპელაციო სასამართლოში მისი მიღებისთანავე. მანვე აღნიშნა, რომ ამ საქმის თითოეული ნიუანსის განხილვა მისთვის ძალიან “რთული და  მძიმე პროცესი” იყო. ალანიას თქმით, მაშინ იყო ძალიან ხისტი და მძიმე კანონმდებლობა, რომელსაც ვერ გაექცეოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მიიღეს დაცვის მხარის მიერ დაყენებული ყველა მტკიცებულება მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკრძალებოდათ.

თამარ ალანიას თქმითვე, მაშინ რომ ყოფილიყო ძალაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს, მაშინ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით წავიდოდა – “მაშინ რომ არასრულწლოვანთა კოდექსი ყოფილიყო, ჩემი მიმართულება იქნებოდა, რომ აღდგენითი მართლმსაჯულება განმეხორციელებინა” – განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი