ახალი ამბები

განახლებულ პეკინის გამზირი გაიხსნა, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივია

21 სექტემბერი, 2017 • 5592
განახლებულ პეკინის გამზირი გაიხსნა, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივია

23 სექტემბრიდან პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. მერის თქმით, განახლებულ პეკინის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა არ შეიცვლება და ისევ ცალმხრივი დარჩება.

„ვიცი, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრშია და გეტყვით, რომ ამ ეტაპზე, ქუჩაზე მოძრაობა არსებულ რეჟიმში გაგრძელდება, რადგანაც ჩვენმა დაკვირვებამ და კვლევამ აჩვენა, რომ მოცემულ სქემას რაიმე სახის დაბრკოლება ქალაქში გადაადგილების კუთხით არ შეუქმნია,“- განაცახდა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ქუჩაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება, რაც  ქუჩის გასწვრივ დეკორატიული მცენარეების ეტაპობრივად განთავსებას გულისხმობს.

„მოეწყო ავტობუსების ზოლები, გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დამონტაჟდა, გამოიცვალა შუქნიშნები, რომლებიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურით აღიჭურვება. უახლესი ტექნოლოგიით მოეწყო ქვეითთა გადასასვლელები, ველობილიკები და ველოსადგომები. ველობილიკები შესაბამისი ნიშნებით და მონიშვნებით ეტაპობრივად აღიჭურვება,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება პარკირების საკითხს, დავით ნარმანია ამბობს, რომ პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე არსებულ სამკუთხედში დაახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. მერიის ინფორმაციით, ჯამში,  პეკინზე პარკირებისთვის 205 ადგილი იქნება.

დავით ნარმანიას შეფასებით, პეკინის ქუჩის რეაბილიტიციის პროცესი ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტი იყო, რადგან ამ ქუჩაზე ბოლო 50-60 წლის განმავლობაში მსგავსი მოცულობის სამუშაოები არ ჩატარებულა.

პეკინის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო. მერიის დაპირებით ქუჩაზე სრულად უნდა გამოცვლილიყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგენილიყო  გზის საფარი და მოწყობილიყო ტროტუარები.

მასალების გადაბეჭდვის წესი