ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” მოშიმშილეებთან დაგეგმილი სმა-ჭამის პერფორმანსი ჩაიშალა

20 სექტემბერი, 2017 • 6163
“პატრიოტთა ალიანსის” მოშიმშილეებთან დაგეგმილი სმა-ჭამის პერფორმანსი ჩაიშალა

ფეისბუქით დაგეგმილი პერფორმანსი, რომლის დროსაც მოქალაქეები აპირებდნენ, “პატრიოტთა ალიანსის” მოშიმშილეებთან საჭმლით ხელში ჩაევლოთ – ჩაიშალა. ამის მიზეზად აქცია-პერფორმანსის ერთ-ერთი მონაწილე ივერი ქიტესაშვილი პოლიციის მოწოდებას ასახელებს. როგორც ქიტესაშვილი ამბობს, სამართალდამცავებმა პერფორმანსის მონაწილეებს უთხრეს, რომ ამ ქმედებით დაპირისპირებას გამოიწვევდნენ და მათი აქცია-პერფორმანსი სანქცირებული არ იყო.

“ეს არ იყო აქცია, უბრალოდ, 10-20 ადამიანი შევიკრიბეთ სოციალურ ქსელში და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა არა კონტრაქცია, უბრალოდ, გაგვევლო და გვეჭამა ხაჭაპური. ლიტვაში მოხდა ასეთი მაგალითი, გაუშალეს სუფრა რუსეთის დამქაშებს, საქართველოს დროშაც იდო, უკრაინის დროშაც იდო, და დაიწყეს გემრიელად ჭამა. ჩვენი მიზანი იყო ამ ყველაფრის მიმართ პროტესტის გამოხატვა, მაგრამ დაპირისპირება არ გვინდოდა, არც პროვოკაცია. უბრალოდ, გვინდოდა ზრდილობიანად ჩავსულიყავით და გაგვევლო. პოლიციამ გვითხრა, რომ ჩვენ არ გვქონდა სანქცია, გამოიწვევთ პროვოკაციას. ჩვენ ვუჯერებთ სამართალდამცავებს, დავიშლებით”- ამბობს ივერი ქიტესაშვილი.

როგორც პერფორმანსის მონაწილეები აცხადებენ, მათ ამ ფორმით მოშიმშილეთა მოთხოვნები უნდა გაეპროტესტებინათ, მათ შორის- რუსეთთან სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყება და  ახალი პოლიტიკური ფორმატის: საქართველო-ნატო-რუსეთი ასამოქმედებლად შესაბამისი სახელმწიფო კომისიის შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი