Interviewsახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჰრანტ მიკაელიანი: სომხეთის საბოლოო მიზანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაა

20 სექტემბერი, 2017 • 3565
ჰრანტ მიკაელიანი: სომხეთის საბოლოო მიზანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაა

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა და სომხეთის კავკასიის ინსტიტუტმა ფრიდრიჰ ნაუმანის ფონდის კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით, თბილისში 20-21 სექტემბერს ქართულ-სომხური საექსპერტო დიალოგის მორიგი დახურული კონფერენცია გამართეს. შეხვედრის ძირითადი საკითხები ორივე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შედარებითი ანალიზი, საკონსტიტუციო რეფორმები და საარჩევნო პროცესები იყო. ევროკავშირთან ახალი შეთანხება, რუსეთის მიმართ საზოგადოების განწყობის შეცვლა და უარი NATO-ს სწავლებაში მონაწილეობაზე. ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთთან სომხეთის კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ჰრანტ მიკაელიანმა აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა: 

ცნობილია, რომ ევროკავშირი და სომხეთი 2017 წლის ნოემბერში შეთანხმებას გააფორმებენ. რას ითვალისწინებს ეს ახალი შეთანხმება?

ამ დრომდე სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წელს მოამზადეს და 1999 წლიდან ამოქმედდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

როგორც იცით, სომხეთი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2013 წლის 25 ივლისს მან მოლაპარაკებები დაასრულა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა ტექნიკურად შესრულებული იყო. ამან ასევე ხელი შეუწყო სომხეთის ინსტიტუციურ დონეზე განვითარებას. პოლიტიკურ ნაწილში კი პრობლემა გაჩნდა – პოლიტიკური მიზეზით ეს შეთანხმება ჩავარდა. უკვე არსებოდა ყველა შესაძლებლობა, თავიდან აეღოთ ეს შეთანხმება და გადაემუშავებინათ, რაც გააკეთეს კიდეც. ასოცირების შესახებ არსებული შეთანხმება ორ ნაწილს მოიცავდა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ევროკავშირი წინასწარ არ აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ეს დოკუმენტი 1000-გვერდიანი იყო, მათ შორის 250 გვერდი მუხლებს ეთმობოდა, დანარჩენი 750 კი სავაჭრო ნაწილი იყო. თუმცა ახლა სომხეთი ხელს მხოლოდ პირველ ნაწილს მოაწერს, მეორეს – არა. ამ კონსუტლაციებში რუსეთიც იყო ჩართული და მათი მოსაზრებებიც გაითვალისწინეს. ეს გაკეთებული იყო იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთს არ დაებლოკა ახალი შეთანხმების ხელმოწერა. პირველი შეთანხმების ტექსტში ასოცირების შესახებ რუსეთის აზრი, პრინციპში, გათვალისწინებული არც ყოფილა. მაშინ ევროპული საბჭოც ამბობდა, რომ ქვეყნებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და არა შუამავლების მეშვეობითო. თუმცა ახლა, როდესაც ახალი შეთანხმების პოლიტიკური მნიშვნელობა უფრო დაბალი დონისაა, ამიტომაც დაუშვეს რუსული მხარის ჩარევა. განსაკუთრებით, ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით უკრაინის მოვლენების შემდეგ.

ვფიქრობ, საბოლოოდ დაიწყება ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ საკითხის განხილვა.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა სომხეთის მოქალაქეებისთვის შეთანხმების შემდეგი ნაბიჯი იქნება?

დიახ, ამის შესახებ საუბარი შეიძლება უკვე ამ შემოდგომითვე დაიწყოს. მოლაპარაკებები კი, სავარაუდოდ, 2018 წლის შუიდან დაიწყება და 2021 წლისთვის დასრულდება. ამ საკითხში სომხეთი რამდენიმე წლით ჩამორჩება საქართველოს. პრინციპში, სომხეთის ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების მთავარი საკითხი ვიზების ლიბერალიზაციაა.

უახლესი გამოკითხვის შედეგებზე მინდა გკითხოთ. წინა კვირაში სომხეთში არასამთავრობო ორგანიზაციამ, “გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრმა” გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 58%  სომხეთის მომავალს ევროკავშირში ხედავს, 61% კი დადებითად უყურებს იმა ფაქტს, რომ სომხეთი NATO-ს წევრი გახდეს. ეს შედეგები, როგორც ვიცი, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. თქვენ როგორ ახსნით?

აქ კითხვა ასე შეიძლება დაისვას, ადამიანები ევროპულ ინტეგრაციას უჭერენ მხარს, თუ ევრაზიული ინტეგრაციის წინააღმდეგი არიან? სომხეთში პრორუსული განწყობის შემცირება ორი მიზეზითაა განპირობებული. საზოგადოება ეკონომიკურ წარმატებას ვერ ხედავს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შემდეგ [თუმცა, რამდენად არის ეს რუსეთთან დაკავშირებული, არ ვიცი]. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ მთიან-ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების საკითხში, რომელიც 2016 წლის აპრილში მოხდა, სომხეთის ძალიან ბევრი მოქალაქე რუსეთს მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს, ამას ემატება ის ფონიც, რომ მაშინ სომხეთის მხრიდან 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სომხეთის მოქალაქეები რუსეთს დამნაშავედ რამდენიმე მიზეზის გამო მიიჩნევენ: ის, რომ ომის დაწყება რუსეთმა ალიევისგან მოითხოვა და, როგორც ბევრი სამართლიანად აღნიშნავს ხოლმე, ის, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს 4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ღირებულების შეიარაღება მიჰყიდა. ერთი მხრივ, აზერბაიჯანს ეს ტექნიკა მაშინ არ გამოუყენებია, თუმცა ამ ტექნიკის ფლობით აზერბაიჯანი თავს ბევრად თავდაჯერებულად გრძნობს. შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის საკითხი დიდ როლს თამაშობს რუსეთის მიმართ განწყობაში.

მსგავსი გამოკითხვების დროს რუსეთისთვის ნეგატიურმა შედეგებმა შეიძლება, რომ რამენაირი გავლენა მაინც იქონიოს რუსეთის პოლიტიკაზე სომხეთის მიმართ? როგორ უყურებს ამ ყველაფერს რუსული მხარე?  

როგორც წესი, რუსეთის რეაგირება ორნაირია. თუ მთლიანობაში მისთვის ნეგატიური დღის წესრიგია, პასუხიც ნეგატიურია. ზოგიერთი რუსი დეპუტატი სომხეთის პარლამენტში ვიზიტის დროს აცხადებდა, რომ აი, სოციალურ ქსელებში და სომხურ მედიაში რუსეთს ლანძღავენო. მეორე ვარიანტის დროს კი სომხეთის ხელისუფლება მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით მიდის რუსეთის ხელისუფლებასთან და პრეფერენციებს ითხოვს- იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ხასიათის. მაგალითად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ასეთი გზით გადაწყდა რუსეთიდან ერთ-ერთი სომეხი პატიმრის გადმოცემის საკითხი. თუ მანამდე რუსეთი წინააღმდეგი იყო მისი სომხეთისთვის გადმოცემის, შემდეგ უკვე თანხმობა განაცხადა. ეს, უბრალოდ, მაგალითია. შეიძლება საუბარი იყოს რუსული ინვესტიციის თხოვნაზე. თუმცა დღეს ეს ნაკლებად შესაძლებელია- რუსები ფულს აღარ აძლევენ. ან თუნდაც ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმი. გარკვეულ თარიღებამდე 900-ზე მეტი დასახელების საქონელზე სომხეთი საბაჟო რეგულაციას არ აწესებდა ევრაზიული კავშირის ქვეყნებისთვის. დღეს ეს საკითხი ისევ დადგა დღის წესრიგში იმიტომ, რომ 2018 წელს ზოგიერთ საქონელზე უკვე ცვლილებებია მოსალოდნელი. სომხეთის ხელისუფლებას სურს ამ რეჟიმის შენარჩუნება, თუმცა, ვინაიდან ევრაზიულ კავშირშია, ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებენ. ესეც ერთ-ერთი მაგალითია.

დღეს სომხეთში ისევ გააქტიურდა რუსული ენის გაძლიერებულად შესწავლის საკითხი. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

2012 წლამდე, გამონაკლისის გარეშე, სომხეთის მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა მიიჩნევდა, რომ სომხეთი ევროინტეგრაციის გზაზეა და ყველანაირად ცდილობდნენ ევროპული კულტურული და სოციალური სტანდარტების გადმოღებას. როდესაც სომხეთი ევრაზიულ სივრცეში აღმოჩნდა, პოლიტიკურმა ელიტამ სხვა ტრენდების მორგება სცადა. ზოგადად, რუსული ენის საკითხი მუდმივად განიხილება სომხეთში. ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ოპოზიციური განწყობებია. არ სურთ იმიტომ, რომ არსებობს სომხური სკოლების დახურვისა და რუსული სკოლების გახსნის საშიშროება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო.

დღეს რამდენად აწყობს ეს სომხურ ხელისუფლებას?

როგორც უკვე ვთქვი, ამას სერიოზულად ეწინააღმდეგება საზოგადოება. თუმცა ხელისუფლების ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ ეს საჭიროა რუსეთთან ინტეგრაციისთვის, ვინაიდან თავად რუსეთი მსგავს მოთხოვნებს საკმაოდ აქტიურად აყენებს. ეს საკითხი ახლა გააქტიურდა და ვნახოთ, როგორც განვითარდება მოვლენები, რამდენად დიდი იქნება წინააღმდეგობა მოქალაქეების მხრიდან.

რამდენიმე კვირის წინ სომხურმა მხარემ უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო NATO-ს სწავლებაში. თქვენი აზრით, რამდენად არის ეს კავშირში რუსეთის ფაქტორთან? იმის საფასური ხომ არ არის, რომ სომხეთმა ევროკავშირთან ახალ შეთანხმებას მოაწეროს ხელი?

მე ვერ ვიტყვი დარწმუნებით, რატომ მოხდა ეს, თუმცა სომხეთის ექსპერტთა წრის საყოველთაო აზრი ის არის, რომ რუსეთმა სომხეთისგან მოითხოვა, არ მიეღო მონაწილეობა NATO-ს წვრთნებში. ალიანსისა და რუსეთის დაპირისპირების გათვალისწინებით, ეს არც არის გასაკვირი. სომხეთი ყოველთვის ცდილობდა ურთიერთობების შენარჩუნებას როგორც რუსეთთან, ასევე, NATO-სთან. რაც შეეხება ფასს, ყოველთვის არ არის საუბარი რაღაცის კონკრეტულ ფასზე. რუსეთში საკმაოდ ხშირად იყენებენ ხოლმე უფრო ხისტ ენას – ძალის ენას, და ეს შეიძლება იყოს ულტიმატუმი ან უბრალოდ მოთხოვნა. როგორც ეს იყო 2013 წლის სექტემბერში, როდესაც სომხეთმა მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან შეთანხმებაზე. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც საუბარია რუსეთის მხრიდან ულტიმატუმზე. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი