ელისო კილაძის შვილი სასამართლომ გაამართლა

დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე უდანაშაულოდ ცნო და ყველა ბრალდება მოუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოში დაგვიდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა დღეს, პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ხარშილაძეს 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

დავით ხარშილაძე წაყენებულ ბრალდებას სრულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს, ხოლო საქმე შეუკერეს “ქრონიკა პლუსის” ხელისუფლებისადმი კრიტიკული საქმიანობის გამო, რომლის მთავარი რედაქტორიც ელისო კილაძეა.

დავით ხარშილაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ დაკავებისას პოლიციამ მის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, ხოლო ბრალდების მხარის განმარტებით, ამის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ხარშილაძე გაქცევას შეეცადა.

ხარშილაძემ ასევე განაცხადა, რომ ჩხრეკისას პოლიციელებმა თავზე ე.წ. კაპიშონი გადააფარეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარ ჯიბეებზე კონტროლი დაკარგა, რადგან პოლიციელებმა წააქციეს. იგი აცხადებს, რომ სწორედ ამ დროს ჩაუდეს ნარკოტიკი, რომელიც ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებაა პოლიციელების ჩვენებებთან და ლაბორატორიულ დასკვნასთან ერთად.

იგი აცხადებს, რომ დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები და მთელი რიგი პროცედურები, რადგან პოლიციელებმა არ განუმარტეს, რის გამო იყო დაკავებული. ამასთან, არც მისი უფლებები აუხსნიათ, არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. მოსამართლე ვეფხია ლომიძემ პროკურორებს, დავით მესტვირშვილსა და ვაჟა თოდუას მოუწოდა, ამ ინფორმაციით დაინტერესებულიყვნენ, რაზეც ეს უკანასკნელები დაეთანხმნენ.

გარდა ამოღებული ნარკოტიკებისა, საქმეში მტკიცებულებების სახით დევს 3 პოლიციელის ჩვენება და ლაბორატორიული დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხარშილაძეს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ელისო კილაძეს ვკითხეთ, როგორ ხსნის ამას?

“მას პოლიციის მთავარ სამმართველოში ჩაუტარდა ნარკოტესტი. გარეგნული დათვალიერების მიხედვითაც, ნარკოტიკული თრობა არ აღენიშნებოდა. შემდეგ ბიოლოგიური მასალის გარკვეული ნაწილი დაილუქა და გაიგზავნა ლაბორატორიაში. მარტივია ამის გაკეთება. დალუქულ მასალაშიც კი ზუსტად ის ნივთიერება ამოუვიდა, რაც ჩაუდეს – ცხადია, გაყალბებული. ჩემი შვილი არც ნარკომანია და არც ნარკორეალიზტაორი. ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და წარმოუდგენელია, ეს პრეპარატები ფიზიკურად მიიღოს,” – ამბობს კილაძე.

დავით ხარშილაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ დანაშაულს ნიშნავს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ელისო კილაძემ გვითხრა, რომ ხარშილაძე მის გაზეთში ოფის-მენეჯერად მუშაობდა, ხელფასის სახით კი ხელზე 300 ლარს იღებდა. მისი ინფორმაციით, ნარკოტიკის ის ოდენობა, რომელსაც გამოძიება მის შვილს ედავება, შავ ბაზარზე დაახლოებით 12 000 ლარი ღირს. კილაძე სვამს შეკითხვას- როგორ იყიდდა ადამიანი, რომელსაც 300 ლარი აქვს ხელფასი, ძვირადღირებულ ნარკოტიკს. სასამართლოზე ხარშილაძემ განაცხადა, რომ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მატერიალურად კი მშობლები ეხმარებიან.

როგორც პროკურორებმა სასამართლოში განაცხადეს, დავით ხარშილაძე ნარკოტიკებს დაუდგენელ ვითარებაში დაეუფლა. სხდომის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთმა პროკურორ ვაჟა თოდუას ჰკითხა, რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას იმის თაობაზე, თუ რა გარემოებაში შეიძინა ხარშილაძემ ნარკოტიკი, ვისგან და სად იშოვა ფული?

“გამოძიება მიმდინარეობს, ჩატარდება ყველა აუცილებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები იმ პირის დასადგენად, ვინც მასზე ნარკოტიკული საშუალება გაასაღა,” – გვითხრა პროკურორმა.

შსს თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ დავით ხარშილაძე ორჯერ იყო პასუხისგებაში მიცემული. თუმცა ელისო კილაძის შვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ ნასამართლევი არ არის.

დავით ხარშილაძეს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა 15 მარტს შეუფარდეს, ხოლო მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ელისო კილაძე მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მისი შვილი ბიძინა ივანიშვილის მძევალი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.