მაჰათმა განდის შემდეგ, ყველაზე მასობრივ სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ – ბრეგაძე

ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა ხელისუფლებას შვიდპუნქტიანი მოთხოვნების გეგმა წარუდგინეს. სანდრო ბრეგაძის თქმით, თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს 1 ოქტომბრამდე არ შეასრულებს, მაჰათმა განდის შემდეგ, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასობრივ “სასიკვდილო შიმშილობას” დაიწყებენ.

ე.წ. ქართველთა მარშის მოთხოვნები, რომლებიც სანდრო ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მედიას გააცნო:

  1. სისტემა უნდა დაინგრეს – შეწყდეს ქვეყნის არაფორმალური მმართველობა უცხოეთიდან, რადგან „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“.
  2. აიკრძალოს სოროსის მოღვაწეობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს უცხოეთიდან ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციების დაფინანსებას.
  3. ყოველგვარი წინაპირობის და გამონაკლისის გარეშე აიკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა უცხოელებზე.
  4. რადიკალურად გამკაცრდეს საიმიგრაციო კანონი და მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ კანონმდებლობასთან, ხოლო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი ყველა პირი გაძევდეს საქართველოდან.
  5. საბანკო კანონი მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ კანონმდებლობასთან. საბანკო მევახშეებსა და სექტორს დაუწესდეს პროცენტის ზედა ზღვარი. ასევე, შეწყდეს გამოსახლებები.
  6. შეიცვალოს საარჩევნო კანონი და სისტემა. შემუშავდეს ახალი კანონი ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით.
  7. აღდგეს სამართლიანობა და ხალხს დაუბრუნდეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება. აიკრძალოს და ყველა არჩევნებიდან მოიხსნას დამნაშავე ნაციონალური მოძრაობა.

როგორც სანდრო ბრეგაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, პირველ რიგში, მათ არ უნდათ, რომ შიმშილობა ან პიკეტირება მხოლოდ შიმშილობისა და პიკეტირების გულისთვის დაიწყონ: “ამიტომ მთავრობას მივეცით ვადა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ზოგის გადაწყვეტა უკვე შეუძლია, ხოლო ზოგი საკითხის გადაწყვეტაზე შეუძლია მზადყოფნა დააფიქსიროს.”

ე.წ. ქართველთა მარშის ლიდერის თქმით, ბოლო მონაცემებით, მას 300 თანამოაზრის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი აქვს, რომლებიც მზად არიან “სასიკვდილო შიმშილობის” დასაწყებად.

“ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამას რეგიონებიც რომ შემოემატება, ეს ციფრი დაახლოებით 500-მდე ავა და შეიძლება 1000-მდეც გაიზარდოს. ამის წინასწარი პროგნოზირება ცოტათი ძნელია, მოგეხსენებათ. შიმშილობა დაიწყება ამ მოთხოვნებით, მაგრამ ეს არ იქნება მდორე შიმშილობა,” – ამბობს სანდრო ბრეგაძე.

მისი განცხადებით, მასობრივი შიმშილობის თითოეული დღე იქნება რადიკალური პროტესტი, ხოლო ამაში სახელმწიფო კანცელარიის შენობის პიკეტირება და სხვა მშვიდობიანი პროტესტის ფორმები იგულისხმება. ე.წ. ქართველთა მარშის ლიდერი ამბობს, რომ მათ კანცელარიის პიკეტირების ულფება უკვე მიღებული აქვთ.

“მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მაჰათმა განდის შიმშილობის შემდგომ, ასეთი ტიპის მასობრივი შიმშილობა მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს, როცა რამდენიმე ასეული ადამიანი ერთდროულად აცხადებს შიმშილობას,” – განუცხადა ნეტგაზეთს ბრეგაძემ.

ე.წ. ქართველთა მარშის მოთხოვნათა ნაწილი აქამდეც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის. მაგალითად, უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვას, საემიგრაციო კანონის გამკაცრებას, სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას და ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას ისინი რამდენჯერმე ითხოვდნენ საპროტესტო აქციებზე. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხელისუფლება მათ მოთხოვნას უცხოელებზე მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ მორატორიუმი ბანკებს არ შეეხება.


ბოლო აქცია ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა 12 სექტემბერს გამართეს – სანდრო ბრეგაძე, ლადო სადღობელაშვილი, გია კორკოტაშვილი და მათი თანამოაზრეები ჯერ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისთან მივიდნენ და სოროსის ფონდის დახურვა მოითხოვეს, ხოლო შემდეგ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გადავიდნენ მსვლელობით.

ლადო სადღობელაშვილი კალაძის შტაბთან დააკავეს, რომელსაც რამდენიმე დღეში სასამართლომ ჯარიმა დააკისრა; მან ანთებული მაშხალა ისროლა ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ფონდის მიმართულებით, რომელსაც პოლიციელების კორდონი იცავდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხზე მორატორიუმი აღარ შეეხება ბანკებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.