ახალი ამბები

EU -სა და საქართველოს ასოცირების კომიტეტი მუხთარლის გატაცებას გმობს

20 სექტემბერი, 2017 • 1956
EU -სა და საქართველოს ასოცირების კომიტეტი მუხთარლის გატაცებას გმობს

ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების კომიტეტი გმობს აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების, აზერბაიჯანში გადაყვანისა და იქ დაპატიმრების ფაქტს. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ეფექტური გამოძიების განხორციელებისაკენ მოუწოდებს.

კომიტეტის მიერ დღეს მიღებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი მხედველობაში იღებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსაც, მათ შორის- შსს-ს საკვანძო ფიგურების თანამდებობიდან მოხსნას.

კომიტეტის რიგით მეხუთე შეხვედრა თბილისში გაიმართა. ორი დღის განმავლობაში ევროპელმა და ქართველმა კანონმდებლებმა ასოცირების კომიტეტის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი