ახალი ამბებისამართალი

პროკურატურამ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელების მიმართ გამოძიება დაიწყო

20 სექტემბერი, 2017 • 4032
პროკურატურამ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელების მიმართ გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

“ნეტგაზეთს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის”  განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხირიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვიებას.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

საგამოძიებო ფილმი,  რის საფუძველზეც “აფბამ” პროკურატურას მიმართა,  პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესახებ ვიდეოპორტალმა POSTV-მ 12 სექტემბერს გაავრცელა.

ფილმი მომზადებულია POSTV-ის საგამოძიებო სტუდიის მიერ, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძეა, აღმასრულებელი დირექტორი- ლაშა ნაცვლიშვილი, პროდიუსერი კი -შალვა რამიშვილი.

ფილმში პაატა ბურჭულაძისა და ფონდის წარმომადგენელთა მიერ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზეა საუბარი. ფილმის ავტორები ირწმუნებიან, რომ ფონდის შემოსავლებს ხელმძღვანელი პირები მალავდნენ, განზრახ ქირაობდნენ ისეთ აუდიტორულ კომპანიებს, რომლებიც სრულად არ აღწერდნენ “იავნანას” შემოსავლებს.

ფილმში აღნიშნულია, რომ აუდიტორული დოკუმენტების მიხედვით ფონდმა იავნანამ 5 წლის განმავლობაში 9 მლნ 500 ათასი ლარი შეაგროვა და ქველმოქმედებისთვის მხოლოდ მესამედი – 3 მლნ 260 ათასი ლარი დახარჯა.

“ნეტგაზეთი” ცდილობდა ფონდ “იავნანასთან” დაკავშირებას, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა.

POSTV-ს ფილმს  ფონდმა მისი გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უპასუხა. ფონდ “იავნანას” მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია რომ POSTV-ს ფილმი არა მხოლოდ ბურჭულაძის, არამედ ფონდისა და იქ მომუშავე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ფონდში განმარტავენ, რომ  ორგანიზაციის საქმიანობას დამოუკიდებელი აუდიტორი სწავლობს, რომლის ანგარიშიც საგადასახადო უწყებას ყოველწლიურად ბარდება.

ფილმს და იქ გახმიანებულ ბრალდებებს  უპასუხა მთავარმა ადრესატმა პაატა ბურჭულაძემაც. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ფონდის დამფუძნებელი ამბობს, რომ იცოდა მის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის შესახებ.

„ვიცოდი, რომ კამპანია მზადებოდა, თუმცა ვერ ვიფიქრებდი, რომ ფონდს მიადგებოდნენ გასანადგურებლად. ქველომოქმედებისა და სიკეთის გათელვაა ეს ყველაფერი, რაც ხდება დღეს საქართველოში. ყველა რეჟიმი მარცხდება და მალე ვნახავთ ამ საქმის დამკვეთებს და შემსრულებლებს, თუმცა გზაზე კიდევ ბევრ რამეს გააფუჭებენ“,-ამბობს პაატა ბურჭულაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი