სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

რა შეღავათები შეიძლება დაუწესდეთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ქართულ კომპანიებს

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ქართული კომპანიებისთვის, შესაძლოა, 10%-მდე შეღავათი დაწესდეს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის თქმით, მთავრობა ქართული კომპანიებისთვის გარკვეული უპირატესობის მინიჭების კანონპროექტზე უკვე მუშაობს. იმისთვის, რომ კომპანიამ შეღავათი მიიღოს, ტენდერში გამარჯვებაა საჭირო.

“ამას პრივილეგიას ვერ დავარქმევ. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდით. შეღავათის დაწესების საკითხი ჯერ კიდევ პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა. ეს პრივილეგია არ არის, რადგან ქართულ კომპანიებს სხვა კომპანიებთან ერთად უწევთ ღია ტენდერში მონაწილეობის მიღება, სადაც მათ აუცილებელ პირობად უდევთ, რომ გაიმარჯვონ ტენდერში და მხოლოდ  გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, სუბსიდირების სახით, კანონზე დაყრდნობით, მიიღებენ ამ დახმარებას. ეს კომპანიებისთვის პრივილეგიებს არ გულისხმობს,” – ამბობს ლევან რაზმაძე.

შეღავათის საკითხზე საუბრისას მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ილია ბეგიაშვილი ამბობს, რომ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და სჯობს, მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ.

“ნეტგაზეთს” საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან სილაგავამ უთხრა, რომ ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში გარკვეული პრივილეგიის მინიჭების ერთ-ერთი ინიციატორი მწარმოებელთა ფედერაციიაა. ლევან სილაგავა ამბობს, რომ საუბარია 10%-მდე შეღავათზე. 

“ ბოლო წლებში შეიქმნა საკმაოდ დიდი კრიტიკული მასა ქართული  პროდუქციის, რომელსაც შეუძლია ღირსეული, კონკურენტული და ხარისხიანი პროდუქცია შექმნას. საუბარია 10%-მდე შეღავათზე, ანუ შესაძლებელია 2-3%-ზეც იყოს საუბარი. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ გარკვეული წახალისება გაუკეთოს ადგილობრივ პროდუქციას. ვთქვათ, გარკვეულ პროდუქტს, ერთნაირი ხარისხის პირობებში,  უცხოურმა კომპანიამ სახელმწიფოს შესთავაზა 100 ლარად.  თუ ადგილობრივი კომპანია ამბობს, რომ ამას 109 ლარად გააკეთებს, მაშინ შეიძლება სახელმწიფომ პირობითად  ამის 10%, ანუ 10.9 ლარი დაუბრუნოს იმავე კომპანიას. ე.ი ადგილობრივ ბიზნესს 109 ლარი კი არ გამოსდის საფასური, არამედ 109 ლარს გამოკლებული 10.9 ლარი. ეს კეთდება იმისთვის, რომ ეს შეკვეთა დარჩეს ქვეყანაში, ანუ ჩვენს შემთხვევაში- საქართველოში.

ამონაგებით უფრო მეტი გამოდის. თან ხალხი საქმდება, თან ბიუჯეტში შენატანი მატულობს. უბრალოდ, აქ ხაზგასმით ვამბობთ, რომ კონკურენტული ხარისხობრივი მაჩვენებლის ერთნაირ პროდუქციაზეა ლაპარაკი უცხოურ კომპანიებთან მიმართებაში.  ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარგებზე, რომლებიც განვითარებულია და შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ უცხოურ კომპანიას”, -აცხადებს ლევან სილაგავა.

ლევან სილაგავას თქმით, საქართველოს ბიუჯეტში დატოვებული ფული ლარის კურსს დაეხმარება, რადგან ვალუტის გადინება აღარ მოხდება. კითხვაზე – ირღვევა თუ არა კონკურენციის პრინციპი, მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი გვპასუხობს, რომ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც  სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ, მათ თავიანთი სახელმწიფო გარკვეულ სუბსიდიას უხდის.

“თუ ტენდერი მოიგო უცხოურმა კომპანიამ – ჩინურმა ან თურქულმა, ჩათვალეთ, რომ ამ პროდუქტში სუბსიდია დევს, ანუ კონკურენციის დარღვევა ხდება იქაც.  თურქეთი დაახლოებით 25%-50%-მდე სუბსიდირებას ახდენს საკუთარი პროდუქციის,  ოღონდ ექსპორტზე გავიდეს,”-ამბობს ლევან სილაგავა.

მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ შეღავათები ქართული კომპანიებისთვის ახალი წლიდან ამოქმედდება.

კანონპროექტი შეაფასა EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი) უფროსმა მრჩეველმა საჯარო შესყიდვებში ელიზა ნივიადომსკამ.

“არსებობს განსხვავება  საერთაშორისო ბაზარსა და ადგილობრივ ბიზნესს შორის. საერთაშორისო ბაზარზე საჭიროა ისეთი კომპანიები, რომელთაც აქვთ ცოდნა და უნარი, ააშენონ, მაგალითად, აეროპორტები, ნავსადგური, თუმცა არსებობს ადგილობრივი ბაზარი, სადაც კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უნარი კონკურენციის გაწევის.

ჩემი აზრით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ემსახურება არა პრივილეგიების დაწესებას, არამედ იმას, რომ ადგილობრივ კომპანიებს მიეცეთ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა. ჩვენ ბევრი შემთხვევა გვქონია ისეთი, როდესაც პატარა, ოჯახურ ბიზნესთან ვთანამშრომლობდით და ეს კომპანია გაზრდილა და ჩამოყალიბებულა დიდ ბიზნესად. ახლა ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ რეგიონულ ბაზარზე წვდომა ჰქონდეთ. ამგვარად, მე არ ვარ ზუსტად დარწმუნებული, რომ რომელიმე ბიზნესისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნა საჭიროა. ნებისმიერ მთავრობას საკუთარ მიზნები აქვს, მაგრამ ჩვენი შეფასებით პატარა ბიზნესს საქართველოში სჭირდება მეტ ფინანსურ რესურსზე წვდომა. ანუ მეტი შესაძლებლობა გასაზრდელად, ამისთვის კი საჭიროა ღია ბაზარი,”-აცხადებს  EBRD-ის წარმომადგენელი.

IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე შეღავათების საკითხს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე უცხოური კომპანიების რაოდენობა ისედაც მცირეა.

“ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვებში პრეფერენციების დაწესება მიღებული არ არის და ცუდ პრაქტიკად ითვლება. კანონის მიხედვითაა განსაზღვრული ყველასთან თანაბარი მიდგომა. ასე რომ, ნებისმიერი ტიპის პრეფერენცია ცუდი იქნება სისტემისთვის, რადგან საქართველოში ძალიან დაბალია კონკურენცია”, – აცხადებს გიორგი ლომთაძე.

მისი თქმით, საშუალოდ ერთ სახელმწიფო ტენდერში 2 მონაწილე შეიძლება იყოს, რაც დაბალი მაჩვენებელია კონკურენციის თვალსაზრისით. ამას გარდა, მისივე თქმით, დაბალია უცხოური კომპანიების ინტერესიც ქართული ბაზრის მიმართ.

“დაახლოებით 1000 უცხოური კომპანიაა სისტემაში რეგისტირებული. ისედაც ძალიან დაბალია უცხოური კომპანიების მონაწილეობა ქართულ ტენდერებში და ამიტომ ვამბობთ, რომ ზოგადად პრეფერენციებს არ ვემხრობით, რადგან კონკურენციის პირობების დარღვევა გამოდის,”-აცხადებს გიორგი ლომთაძე.

IDFI-ის მკვლევრის შეფასებით, სახელმწიფო შესყიდვები ძალიან დიდი სექტორია, რომლის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი “ნეტგაზეთან” საუბარისას ამბობს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში უცხოური კომპანიების მონაწილეობა ისედაც ძალიან მცირეა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2013-2014 წლებში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში სულ 85 უცხოური კომპანია მონაწილეობდა. ამათგან გამარჯვება სამოცმა შეძლო. ამ პერიოდში უცხოურ კომპანიებთან 102 მლნ ლარის საერთო ღირებულების 87 ხელშეკრულება გაფორმდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2014 წელს შეიქმნა. სააგენტო კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას. მისი საქმიანობის კონტროლს საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

სახელმწიფო შესყიდვებში  მონაწილეობის მისაღებად შესყიდვების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულოა  ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლებიც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შემსყიდველ ორგანიზაციად ითვლებიან. შემსყიდველ ორგანიზაციებად კი მიიჩნევიან  ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები, უწყებები და ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები.

2016 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ჯამში, დაახლოებით 4 მილიარდი ლარი დახარჯა, 2015 წელს დახარჯული ფულის რაოდენობამ 3 მილიარდზე ცოტა მეტი შეადგინა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.