ახალი ამბები

ბრიტანეთის ელჩი საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უვიზო რეჟიმის პერსპექტივაზე

20 სექტემბერი, 2017 • 2708
ბრიტანეთის ელჩი საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უვიზო რეჟიმის პერსპექტივაზე

„ვფიქრობ, იხილავთ მეტ ბრიტანეთს საქართველოში, რადგან ევროკავშირის დატოვებით ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას“, – ეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომელიც ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა 19 სექტემბერს Impact hub Tbilisi-ში საზოგადოებასთან შეხვედრისას გაახმიანა. მან ორი ქვეყნის ურთიერთობების შესახებ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი რჩება საქართველოს პარტნიორად ყველა იმ სფეროში, რომლებშიც ორი ქვეყანა აქამდე თანამშრომლობდნენ.

„არ მგონია, ამ ფაქტმა [„ბრექსითმა“] იქონიოს რაიმე გავლენა ურთიერთობებზე, ტექნიკურ დონეზე. ალბათ, მოხდება ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმებები, რომლებშიც დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობდა, გახდება შეთანხმებები საქართველოსა და ბრიტანეთს შორის.

პოლიტიკურ დონეზე კი, ვფიქრობ, იხილავთ მეტ ბრიტანეთს საქართველოში, რადგან ევროკავშირის დატოვებით ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას; არ ვტოვებთ ნატოს, არ ვტოვებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ვფიქრობ, მომდევნო წლებში ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ბრიტანეთი კვლავ აქტიურია ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, როგორიც საქართველოა“, – აღნიშნა მან.

ელჩის აზრით, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაწყვეტა არც საქართველო-ბრიტანეთის ბიზნესკავშირებს ავნებს. ჯასტინ მაკკენზი სმიტის აზრით, ქვეყანაში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა მიანიშნებს, რომ ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების პერსპექტივა რეალურია.

„საქართველოსა და ბრიტანეთს უკვე აქვთ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის დატოვების შემდეგ გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც სამომავლოდ მეტად გაზრდის და გაამყარებს მათ. ასე ვფიქრობ, რადგან მჯერა, რომ საქართველოსა და ბრიტანეთის მთავრობებს აქვთ საერთო ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ გავზარდოთ ჩვენი ბიზნესკავშირები. მაგალითად, სწორედ ამ კვირაში გაკეთდა ის, რომ პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დანიშნა სავაჭრო  წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც დაგვეხმარება, დავამყაროთ დამატებითი კავიშრები ამ სფეროში ორ ქვეყანას შორის“.

საკითხი, რომელზეც ელჩი და აუდიტორია შეთანხმდნენ, ბრიტანეთის ვიზის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების სირთულეა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ევროკავშირის შემდეგ საქართველოს შანსი ბრიტანეთმაც მისცეს, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა თქვა, რომ საკითხი ახლო პერსპექტივაში არ განიხილება, თუმცა ბიუროკრატია შესამსუბუქებელია.

„შესთავაზებს თუ არა ბრიტანეთი საქართველოს უვიზო რეჟიმს? ვფიქრობ, ეს მალე არ მოხდება. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილს ეხება. იმიგრაცია ერთ-ერთი აქტუალური პოლიტიკური საკითხია, რაც ბრექსითის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაც იყო. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე რადიკალური ცვლილების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. თუმცა ჩემი მიზანია, რომ ვიზის მიღების პროცედურა აღარ იყოს ისეთი მკაცრი, როგორიც ახლაა“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელშიც, ელჩის აზრით, საქართველომ და ბრიტანეთმა მეტად მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რუსული პროპაგანდის აღკვეთაა. ყალბი ინფორმაციის განეიტრალების უმთავრეს საშუალებად კი დამოუკიდებელ მედიას განიხილავს.

„ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ქართული საზოგადოებისთვის, ისევე როგორც, აშშ-სთვის და ევროპის დიდი ნაწილისთვის. მაგრამ, ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით ვიპოვით გზებს, დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეებს და გამოვააშკარაოთ ყალბი ინფორმაცია. საქართველო და ბრიტანეთი უკვე მუშაობენ რამდენიმე საინტერესო პროექტზე. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, მხარი დავუჭიროთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის ხმას როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში, რადგან ვფიქრობ, ეს საუკეთესო პასუხია ამ გამოწვევისთვის. მთავრობებს შეუძლიათ გააკეთონ ძალიან ბევრი, თუმცა დამოუკიდებელ მედიას აქვს ძალა, ამხილოს ყალბი საინფორმაციო პროპაგანდა“.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე საქართველოს შიდა პოლიტიკას დიდი დოზით არ შეხებიან, ელჩმა მოკლე კომენტარი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზეც გააკეთა. „ნეტგაზეთის“ კითხვის პასუხად ჯასტინ მაკკენზი სმიტმა განაცხადა, რომ პროცესის დეტალურად განხილვისგან თავს იკავებს, თუმცა შეთანხმების აუცილებლობა აშკარაა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს. ვფიქრობ, ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესია. მოვერიდები ინდივიდუალური საკითხების შეფასებას, რადგან ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია, თუ რა სახის ცვლილებების შეტანა სურთ კონსტიტუციაში. რასაც ვხედავ, ისაა, რომ როდესაც ცვლი ისეთ ფუნდამენტურ დოკუმენტს, როგორიც კონსტიტუციაა, აუცილებელია კონსენსუსი. პროცესი არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიის პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, პარტიის პოლიტიკა განსაზღვრავს ყოველდღიურ საკითხებს. თუმცა, კონსტიტუცია – ეს საზოგადოებას ეკუთვნის. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ რაიმე ფორმით ხელი შევუწყოთ კონსენსუსს“.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი ბრიტანეთის ელჩად საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ალექსანდრა ჰოლ ჰოლი შეცვალა. როგორც ელჩის CV-ში არის აღნიშნული, მან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1994 წელს დაიწყო. 1996 – 1999 წლებში მუშაობდა მოსკოვში მეორე მდივნად, შემდეგ კი, სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2011-2015 წლებში მექსიკაში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და ვაჭრობისა და ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი