ახალი ამბები

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად 250-მდე ადამიანია დაღუპული

20 სექტემბერი, 2017 • 2709
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად 250-მდე ადამიანია დაღუპული

მექსიკაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 248 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის მიერ მექსიკის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ვრცელდება. ყველაზე მეტი, 55 ადამიანი ქვეყნის ერთ-ერთ შტატ მორელოსში დაიღუპა, 49 – დედაქალაქ მეხიკოში, 32 კი- პუებლაში.

დამანგრეველი სტიქიის შედეგად, როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის რამდენიმე შტატში, დაინგრა ათეულობით შენობა, გზები და ესტაკადები. მექსიკის პრეზიდენტის, ენრიკე პენა ნიეტოს ინფორმაციით, დედაქალაქის ერთ-ერთი სკოლის ჩამონგრევის შედეგად 20 ბავშვი დაიღუპა. კიდევ 30-ს ამ დრომდე ეძებენ. BBC-ს ცნობით, მეხიკოში ჩამოინგრა ექვსსართულიანი კორპუსები, სუპერმარკეტი და ფაბრიკა.

სამძებრო სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. CNN-ის ინფორმაციით, პროცესში ათასობით სამხედრო, მაშველი და რიგითი მოქალაქეები, მათ შორის, სტუდენტები არიან ჩართულნი.

19 სექტემბერს მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ყველაზე ძლიერი იყო 1985 წლის შემდეგ. მიწისძვრა მექსიკაში სექტემბრის დასაწყისშიც მოხდა. მაშინ სტიქიას სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი