ახალი ამბები

შალვას თუ გუგავა მოჰყავს, კალაძეს მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოჰყავს – ქუცნაშვილი

19 სექტემბერი, 2017 • 5939
შალვას თუ გუგავა მოჰყავს, კალაძეს მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოჰყავს – ქუცნაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას შალვა ნათელშვილის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ მას თუ გუგავას გარდა ვერავინ მოჰყავს, კახა კალაძეს მსოფლიო ვარსკვლავები მოჰყავს თბილისში.

შალვა ნათელაშვილმა “რეაქციაში” ჩართვისას ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენების დაშინებაში დაადანაშაულა, რადგან მათ პარტიას თანხებს არ სწირავენ. ლეიბორისტების ლიდერმა ივანიშვილსა და კალაძეს “სულიერად მახინჯები” უწოდა. ნათელაშვილმა ამავე გადაცემაში განაცხადა, რომ ყველა რევოლუცია სწორედ უფულოებმა განახორციელეს და მმართველ გუნდს იმავეს დაჰპირდა.

ზაქარია ქუცნაშვილმა ამავე გადაცემაში შალვა ნათელაშვილს უზრდელი უწოდა და განაცხადა, რომ ლეიბორისტების ლიდერის საქციელი მთიელის საქციელს არ ჰგავს. მისი თქმით, მოძღვარიც კი არ კადრულობს, რომ ადამიანს “სულეირად მახინჯი” უწოდოს:

“თუ შალვას გუგავას გარდა ვერავინ მოჰყავს, კალაძეს მსოფლიოს ვარსკვლავები მოჰყავს. მაგას რადგან გუგავას გარდა არავინ ჰყავს, რა ვქნათ ახლა, კალაძემ თავის მეგობრებზე უარი თქვას? ამ ბიძინა ივანიშვილს გადაკიდებულია კიდევ – კაცი სამი წელია წასულია ხელისუფლებიდან და ლანძღავს ყველა ეპითეტით. მთიელები ასე არ იქცევიან. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მთაში ასეთ სიტყვებზე პასუხს სთხოვენ. არ მინდა, რომ ქართველ მოქალაქეს ჰქონდეს წარმოდგენა, თითქოს მთიელები ყველანი ნათელაშვილისნაირები ვართ და ადამიანის სულიერებას ვეხებით, ადამიანებს ვლანძღავთ და მათი გვშურს.”

ლეიბორისტებმა თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა დაასახელეს, ხოლო მის წარდგენაზე ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გუგავა ყველგან მივა, სადაც დედაქალაქელებს დასჭირდებათ.

რაც შეეხება კახა კალაძეს, ის თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატია. 29 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

კალაძის განცხადებით, მას ფეხბურთის ფედერაციამ სთხოვა საქველმოქმედო მატჩისთვის მეგობარ ვარსკვლავებთან დაკავშირება. საიაში მიიჩნევენ, რომ თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი “დინამო არენაზე” დაგეგმილ მსოფლიო ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩში შესაძლო მონაწილეობით კანონს დაარღვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი