ახალი ამბები

პრეზიდენტმა ოპოზიციასთან ერთად შედგენილი დოკუმენტი ოცნებას და ვენეციის კომისიას გაუგზავნა

19 სექტემბერი, 2017 • 1971
პრეზიდენტმა ოპოზიციასთან ერთად შედგენილი დოკუმენტი ოცნებას და ვენეციის კომისიას გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შედგენილ დოკუმენტს “ქართულ ოცნებასა” და ვენეციის კომისიას გაუგზავნის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ინტენსიურად იყვნენ ჩართული კონსტიტუციის დოკუმენტის შემუშავებაში. მისი თქმით, ყველა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლპობა:

“იმისთვის, რომ მივიდეთ თანხვედრამდე, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ მუშაობა “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტანთ მხოლოდ იმ ცვლილებებს, რასაც აბსოლუტურად ყველა პარტია უჭერს მხარს.”

მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ოპოზიციური პარტიები ძალიან ბევრ საკითხზე ერთმანეთისგან ჯანსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ხოლო პროცესი მიმდინარეობს გამალებული საარჩევნო კამპანიის დროს.

“და მაინც, გამომდინარე იმ სულისკვეთებიდან, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე. ამ ძირითადი თემებიდან დავიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვნით, იმ საკითხით, რომლის თაობაზეც დიდი ხანია ინფორმირებულია საზოგადოება: ეს არის საარჩევნო სისტემები, როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის არჩევის წესი. შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებზე; ასევე, შევთანხმდით პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაზე; ჩვენ შევთანხმდით უსაფრთხოების საკითხებზე და უშიშროების საბჭოს თემაზე,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა პარტიამ დათმო რაღაც და შედგა მთავარი – თანხმობა. მისი თქმით, ეს დოკუმენტი გაეგზავნება მმართველ პარტიას და ვენეციის კომისიას იმ იმედით, რომ იქნებ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა კულტურამ შეძლონ საერთო თანხმობამდე მისვლა:

“ყოველ შემთხვევაში, ის მითი, თითქოს საქართველოში განსხვავებული შეხედულების ადამიანები ვერასდროს ვერაფერზე შეთანხმდებიან, ნამდვილად დამსხვრეულია; სრულიად განსხვავებული შეხედულების პარტიები დგანან კონსტიტუციის პროექტის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე. ამისთვის საჭიროა თანხმობის სულისკვეთება, ამითვ საჭიროა დიალოგი, სადაც არ იჭიდავებ და სხვის აზრს მოისმენ.”

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლსეობას იმისკენ, რომ გადახედოს თავისთვის ძალიან უკომპრომისო პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი