ახალი ამბები

გენერალური აუდიტორობის კანდიდატის შეფასებები ფარცხალაძე-თორდიას საქმესა და სხვა საკითხებზე

19 სექტემბერი, 2017 • 2003
გენერალური აუდიტორობის კანდიდატის შეფასებები ფარცხალაძე-თორდიას საქმესა და სხვა საკითხებზე

გენერალური აუდიტორობის კანდიდატი ირაკლი მექვაბიშვილი პირდაპირ არ პასუხობს შეკითხვას, მოუწოდებს თუ არა პარლამენტს, შექმნას საგამოძიებო კომისია უკვე ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, რომელშიც ასევე ფიგურირებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ირაკლი მექვაბიშვილს აღნიშნული კითხვა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა დღეს, 19 სექტემბერს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა ფორმულირებით არაერთხელ  დაუსვეს:

“რაც შეეხება ამ ფაქტს, ეს იყო ძალიან სამწუხარო, დაუშვებელია გენერალურ აუდიტორზე ნებისმიერი ზეწოლა და შეტევა, მით უმეტეს, ფიზიკური შეხება. ისევ გავიმეორებ, რომ ეს არის ალბათ სამართლებრივი თემა, ამ კითხვაზე პასუხი ამ სტრუქტურებმა უნდა გასცენ. თუ პარლამენტი გადაწყვეტს კომისიის დამატებით შექმნას, მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს”,- განაცხადა მექვაბიშვილმა.

პასუხის მიღების შემდეგ დეპუტატმა სერგო რატიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიება ჩიხშია შესული, ამიტომ შესაძლებელია, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზეც დადგეს, ამ შემთხვევაში მოუწოდებს თუ არა მექვაბიშვილი უმრავლესობას, შექმნას ამგვარი კომისია, რადგან მისი მოწოდება მნიშვნელოვანი იქნებოდა.

მექვაბიშვილმა ისიც იკითხა, აქვს თუ არა ამგვარი მოწოდების გაკეთების უფლებამოსილება გენერალურ აუდიტორს, მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ აქვს, გენერალური აუდიტორობის კანდიდატმა განაცხადა:

“ეს თემა უნდა გაირკვეს, მე ამის მომხრე ვარ, რა ფორმით – ეს გადაწყვიტოს პარლამენტმა, მე ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა მექვაბიშვილმა.

2017 წლის 12 მაისს მაშინ მოქმედ გენერალურ აუდიტორს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაცვის წევრებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, საქმეზე გამოძიების საბოლოო შედეგი მომხდარიდან 4 თვის შემდეგაც უცნობია.

ფარცხალაძე-თორდიას საქმის გარდა, ირაკლი მექვაბიშვილს სხვა შეკითხვებიც დაუსვეს. მათ შორის ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს რეაგირებას ისეთ შემთხვევებზე, როცა ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები და მათი მფლობელები შემდეგ მმართველი გუნდის ყველაზე მსხვილი შემწირველები ხდებიან. ასევე ხშირია შემთხვევები, რომ ეს კომპანიები ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებენ:

“აუცილებლად ამ თემას ვნახავ, მე აღვნიშნე, რომ აუდიტის ეფექტიანობის როლის ამაღლება ზუსტად ეს არის თემა. ყველა ის პროგრამა კონკრეტული, ტენდერი, გნებავთ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით თუ სხვა სექტორში, ამ სახსრების ხარჯვის მიზნობრიობას, მიზანშეწონილობას, ეფექტურობას ვნახავთ და შევისწავლით. ბუნებრივია, ეს ციფრები მე არ მაქვს, არ ვიცი. უტენდერო შესყიდვები არ არის კარგი, გეთანხხმებით. ზოგადად, აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ეს არ არის სიურპრიზი, რომ უტენდერო შესყიდვა არ არის კარგი. ტენდერი უნდა ტარდებოდეს კონკურენციის პრინციპის გათვალისწინებით”,- განაცხადა მექვაბიშვილმა.

გენერალური აუდიტორის წარდგენის ექსკლუზიური უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. საპარლამენტო უმცირესობა დღეს დაინტერესდა, იცის თუ არა მან, ვინ ურჩია უშუალოდ ირაკლი კობახიძეს მისი დასახელება, რაზეც მექვაბიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

მისივე განმარტებით, არაფერი არ აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილე საპარლამენტო უმცირესობის წარდგინებით დაინიშნოს. მექვაბიშვილმა შესაძლო რეორგანიზაციაზე და საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა:

“საქმიანობა გაგრძელდება, არავითარი შეფერხებას და დაბრკოლებას ცვლილებებით ან გადაწყვეტილების მიღებით არ დავუშვებთ. მეორე, თუ ადგილზე მისვლისას ჩავთვლი, რომ სტრუქტურა საჭიროებს ცვლილებას, რომ გახდეს უფრო ეფექტური, მოქნილი და გამჭვირვალე, ამ ცვლილებებს აუცილებლად განვახორციელებ. ეს ეხება როგორც TOP მენეჯმენტს, ასევე შუა რგოლს”.

მექვაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის გამოწვევაა აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე ზრუნვა. მას შეახსენეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთ კლანში გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილება არ მოიწონეს, ის სცემეს:

“არ დაგიმალავთ, რომ ეს არის გამოწვევა ჩემთვის, მაგრამ ყველანაირად, შინაგანად, მორალურად მზად ვარ, ეს გამოწვევა მივიღო და გავუმკლავდე, ფიზიკურადაც მათ შორის. სავარჯიშო დარბაზში დავდივარ, ისე ხშირად არა, როგორც მინდა, მაგრამ მაინც დავდივარ იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია. აუდიტის დამოუკიდებლობა დაცულია კანონით და პარლამენტთან ერთად ვიმუშავებ, რომ ეს დამოუკიდებლობა, რაც არის კონსტიტუციურად, გამყარდეს, ეს არის მნიშვნელოვანი”,- ამბობს მექვაბიშვილი.

გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი