ახალი ამბები

შეუსაბამო საქმიანობა და არადეკლარირებული წილები – დეპუტატების განმარტებები TI-ს კვლევაზე

20 სექტემბერი, 2017 • 2115
შეუსაბამო საქმიანობა და არადეკლარირებული წილები – დეპუტატების განმარტებები TI-ს კვლევაზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) კვლევის შედეგებს, რომელიც დეპუტატების კანონთან შეუსაბამო ბიზნესსაქმიანობასა და არადეკლარირებულ ბიზნესაქტივობებს ასახავს, პარლამენტარები პასუხობენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ კომპანიებს, რომელში საქმიანობასაც ორგანიზაცია ედავება, წლებია საქმიანობა შეჩერებული აქვს, მათი ნაწილი წილების ქონებრივი დეკლარაციის მიღმა დარჩენას შეცდომას აბრალებს, ზოგი კი ირწმუნება, რომ მსგავსი კომპანიები საერთოდ არ არსებობს.

დეპუტატებს შორის, რომლებსაც “ნეტგაზეთი დაუკავშირდა”, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც დეკლარაციის არასრულად შევსება პრობლემად არ მიაჩნიათ მაშინ, როცა კანონის მოთხოვნა ცალსახაა და თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემების განზრახ შეტანა დანაშაულია. დეპუტატებს ეკრძალებათ კერძო კომპანიებში მმართველი თანამდებობების დაკავებაც, თუმცა, TI-ს კვლევის მიხედვით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში 9 დეპუტატი კონსტიტუციის 53-ე მუხლს არღვევს.

კვლევის შედეგებს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ ამ დასკვნაში საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იკითხება.

მაგალითად,  დიმიტრი ხუნდაძის თქმით,  კომპანია, რომლის დირექტორის მოადგილეობაზეც TI-ს კვლევაშია საუბარი, საერთოდ არ არსებობს. თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დიმიტრი ხუნდაძე “ხუნდაძის შპს ფირმა დიონისეს” 40-პროცენტიანი წილის მფლობელი და ვიცეპრეზიდენტია, კომპანია მცხეთაში, მის საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული.

კახაბერ ოქრიაშვილი კი კითხვაზე, თუ რატომ არ ასახა დეკლარაციაშია შპს “ჩვენი ჯანმრთელობის” 50-პროცენტიანი წილის ფლობა, დეპუტატი ნეტგაზეთს პასუხობს – “მერე რა?” – რის შემდეგაც ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს.

წილების ფლობას უარყოფს გია ჟორჟოლიანი.  იგი აცხადებს, რომ მსგავსი კომპანიის არსებობის შესახებ არ ახსოვს და არანაირ ბიზნესს არ ფლობს. რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ” კრისტალი-2010-ის” საქმიანობის სფეროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების მართვა და განვითარება წარმოადგენს და მისი 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გია ჟორჟოლიანია. 

გია მიქელაძე კი აცხადებს, რომ ძალიან ძნელია ამ წუთას ახსოვდეს, რომელ ქონებებს ფლობს, რადგან მთესლ რიგ საწარმოებს და უძრავი ქონებას ფლობს. 

კვლევაში ასახული კომპანიების არსებობის შესახებ არ ახსოვდათ დიმიტრი სამხარაძეს, ბიძინა გეგიძეს და გიორგი ლომიას. როგორც დეპუტატები ამბობენ, ყველა ეს შპს წლების წინ დაარსდა და ამჟამად არ ფუნქციონიერებს.  როგორც დიმიტრი სამხარაძე ამბობს, კომპანია, რომლის დირექტორობაზეც კვლევაშია საუბარი,  2007 წელს დააარსეს, თუმცა 2008-ში მან ფუნქციონირება შეწყვიტა. სამხარაძის თქმით, აღნიშნული კომპანიის შესახებ არ ახსოვდა და კანონის ნორმებთან შესაბამისობისთვის უახლოეს მომავალში რეესტრს კომპანიის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.

ბიძინა გეგიძე კი ამბობს, რომ “შპს ლალილუ” რამდენიმე წლის წინ დარეგისტრირდა და ის სამეგრელოში რაგბის განვითარებაზე მუშაობდა, რასაც გეგიძე მხარს უჭერდა. როგორც დეპუტატი ამბობს, დეკლარაციის შევსებისას “შპს ლალილუს” მითითება სავარაუდოდ გამორჩა.

მსგავსი ახსნა აქვს გიორგი ლომიასაც:

“ეს კომპანია აღარც მახსოვდა, კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ შემთხვევაში არის ის, რომ კი, ვირიცხები. როგორც აღმოჩნდა, არ არის გაუქმებული, მაგრამ 2008 წლიდან ამ კომპანიასთან შეხება არ მქონია” – ამბობს დეპუტატი.

კიდევ ერთი დეპუტატი, მამუკა ჩიქოვანი კი, რომელიც “კლუბ რუსთავის” დირექტორად ფიქსირდება, აცხადებს, რომ “კლუბ რუსთავის” დამფუძნებელს დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მათ შორის- ოფიციალურადაც, და შესაბამის პროცედურებს ამჟამად საჯარო რეესტრში გადის. რაც შეეხება არადეკლარირებულ წილებს, ჩიქოვანის თქმით, ეს შპს-ები არ ფუნქციონირებს, დეკლარაციაში მათ არასახვას კი ტექნიკური შეცდომით ხსნის.

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ჭიჭინაძე კი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ  კომპანია”მზა სახლის” რეგისტრაცია დასრულებული არაა და ერთი დღეც არ უმოქმედია. დეპუტატის თქმით, მიუხედავად ამისა, დეკლარაციის შევსებისას საკუთარ მეუღლეზე მოახდინა ყველა უფლება-მოვალეობის დელეგირება:

“მე საპროცედურო კომიტეტს ხვალ გადავუგზავნი ამ დოკუმენტებს. არც უარსებია ამ კომპანიას, არც დამვიწყებია, მინდობილობა გამაჩნია” – ამბობს დეპუტატი.

გურამ მაჭარაშვილი, რომელსაც, რეესტრის მონაცემებით, 25-პროცენტიანი წილი აქვს შპს “გლობალექსში”, ამბობს, რომ დირექტორობიდან გადადგა, წილის  მმართველობის უფლება კი სხვა პირზეა გადაცემული. დეპუტატის თქმით, კომპანია 7 წელია გაჩერებულია და დეკლარაციაში წილის არასახვას იმით ხსნის, რომ კომპანია გაუქმებული ეგონა.

“ნეტგაზეთი” მარიამ ჯაშსაც დაუკავშირდა. როგორც დეპუტატი აცხადებს, “ჯანდაცვის განვითარების ინსტიტუტი” წლების წინ კოლეგებთან ერთად დააფუძნა, თუმცა ორგანიზაციას პრაქტიკულად არ დაუწყია მუშაობა.

“მე აუცილებლად გადავამოწმებ, თბილისში რომ ვიქნები, მაგრამ იურიდიულად მახსოვს, რომ ოფიციალურად გადაბარებული იყო აბსოლუტურად ყველა წილობრივი მფლობელობა, ამიტომ არ ამისახავს  დეკლარაციაში,” – ამბობს დეპუტატი.

შოთა ხაბარელიც აცხადებს, რომ კომპანია, რომლის წილიც დეკლარაციაში არ აუსახავს, წლებია არ ფუნქციონირებს და იქიდან შემოსავალს არ იღებს:

“ეს არის ათეული წლების უკან დაფუძნებული შპს, რომელსაც არ აქვს არანაირი აქტივობები ჩატარებული და დავიწყებას იყო მიცემული ეს ფირმა. საერთოდ ეს  დღის წესრიგში არც უნდა დამდგარიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 10-15 წელია არ განხორციელებულა არანაირი ბრუნვა და არანაირი ანგარიში არ არსებობს ამ ფირმის. მე სისულელედ მიმაჩნია,” – ამბობს შოთა ხაბარელი.

საკითხში გარკვევას აპირებს სიმონ ნოზაძეც. როგორც დეპუტატი ამბობს, მისი ინფორმაციით, კომპანია აღარ არსებობს და მომხდარს გაუგებრობას აბრალებს:

“2009 წელს მე ეს წილი გადავუფორმე ჩემს პარტნიორს, ალექსანდრე ნოზაძეს. 2009 წლიდან მე მანდ აღარ ვარ. ეს ფირმა ძველმა ხელისუფლებამ დააყადაღა, ყველაფერი აუქციონზე გაყიდეს 2012 წლის აგვისტოში. ეს ფირმა  აღარ არსებობს, ამიტომ არ ჩავწერე. მე გავარკვევ, რომ ჩამოვალ, რატომ ირიცხება რეესტრში ჩემს გვარზე იმიტომ, რომ მაშინ, ნოტარიუსის მეშვეობით მე გადავუფორმე ყველაფერი ალექსანდრე ნოზაძეს, 2009 წლის მაისში. არ ვიცი, ალბათ გაუგებრობაა, მაგრამ ფირმა არ ფუნქციონირებს, მეეჭვება, რამე აქტივობა ჰქონდეს” ამბობს დეპუტატი.

მამუკა მდინარაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას ზედაპირულს უწოდებს. “ქართული ოცნების ლიდერის შეფასებით, საქმე ან არაპროფესიონალიზმთან გვაქვს, ან ორგანიზაცია განგებ მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით:

“საუბარია 2006-2007 წლებში დაფუძნებულ პატარა იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც წლებია აღარ ფუნქციონირებს, არათუ მე ვარ იქ ჩართული რაიმე საქმიანობაში, არამედ თითონ ეს კომპანიებიც პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს და თუ იმავე წარმატებით აქვთ შესწავლილი სხვა ქეისებიც, რომლებიც წარმოდგენილია ამ კვლევაში, მაშინ ამ კვლევის სანდოობის ხარისხზე არ შეიძლება იყოს საუბარი,” – ამბობს მდინარაძე.

TI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და, შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, რაც კანონის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება. თუმცა, კვლევის მიხედვით, 16 დეპუტატს ბიზნესაქტივები დეკლარაციაში არ აუსახავს, ნაწილმა კი ეს არასრულად გააკეთა.

კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, პირი 1000 ლარით ჯარიმდება. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემების განზრახ შეტანის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობისას საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნოს.

სისხლის სამართლის კოდექსით, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-200 სთ-მდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვლაობა საქართველოში” აცხადებენ, ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, ორგანიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროს და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ოფიციალური წერილითაც მიმართავს, რათა საკითხით შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი