ახალი ამბები

სააკაშვილი კიევში იმყოფება და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს

19 სექტემბერი, 2017 • 2806
სააკაშვილი კიევში იმყოფება და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 19 სექტემბერს, კიევში ჩავიდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს.

“უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა განცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველ სართულზე ნაღდი ფულის საწყობია.

“პირველ სართულზე ნაღდი ფულის საწყობი აქვთ, ასე ინახავენ ფულს დეპუტატების მოსასყიდად”,- ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, მას პირადი კონფლიქტი პრეზიდენტ პოროშენკოსთან არ ჰქონია:

“პოროშენკო მხოლოდ სისტემის ნაწილია, მაგრამ მთავარი პრობლემა მდგომარეობს მასშიც და სხვა ოლიგარქებშიც, რომლებიც კლავენ ქვეყანას”,- ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  პოლონეთ-უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების კორდონი გაარღვიეს და ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეს.

უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის საზღრის გადაკვეთის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღე ლვოვში გაატარა. 12 სექტემბერს სასტუმროში, სადაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი იმყოფებოდა, პოლიცია მივიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასტუმროში მისული მესაზღვრეები განმარტავდნენ, რომ იქ მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი.

რამდენიმე საათის შემდეგ სააკაშვილმა სასტუმროს წინ ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტების თანდასწრებით პოლიციელებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროტოკოლი გადასცეს.

პარალელურად,  საქართველომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მეორედ მიმართა. თუმცა გუშინ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია 112-თან საუბრისას განაცხადა, რომ მანამ, სანამ ქართული სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე განაჩენს არ გამოიტანს, ექსტრადირება არ მოხდება. დენის ჩერნიშევის განცხადებით, ამ ეტაპზე სააკაშვილის ექსტრადირების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი