ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი ოსურ მხარეს საწვავს საბაჟო გადასახადის გარეშე მიაწვდის

19 სექტემბერი, 2017 • 2582
რუსეთი ოსურ მხარეს საწვავს საბაჟო გადასახადის გარეშე მიაწვდის

რუსეთის ხელისუფლებამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც 2018 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული ნავთობ-პროდუქტების დადგენილი რაოდენობის უბაჟოდ შეტანას ითვალისწინებს.

როგორც “რია ნოვოსტის” წერს, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, კირილ მილოდცოვმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, გენადი კოკოევმა ხელი მოაწერეს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის სავაჭრო რეჟიმის ხელშეკრულებას.

“პროტოკოლი ითვალისწინებს 2018 წელს, შიდა მოხმარებისთვის, რუსული ნავთობ- პროდუქტების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოველგვარი ბაჟის გარეშე შემოტანას” – ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთის ხელისუფლებამ 2012 წლის მარტში სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნები დოკუმენტში აღნიშნული პროდუქციის ერთმანეთის ტერიტორიაზე შეტანაში საბაჟო გადასახადს არ იხდიან. საბაჟო გადასახადის გარეშე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბენზინი და დიზელის საწვავი შედის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი