საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ჩაშლილი კომიტეტის სხდომა და მხარეთა არგუმენტები GPB-ს შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

დღეს, 19 სექტემბერს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ, ჩაიშალა. უმრავლესობის დეპუტატები და მომხსენებლები სხდომაზე არ მივიდნენ.

მოსალოდნელ ცვლილებებს აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაექსპერტთა ნაწილი. მაგალითად, დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა ანალიზი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვებზე და პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ცუდი ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება.

ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფლდება პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისას „სახელმწიფო შესყიდვების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან, ხოლო IDFI აცხადებს, რომ ცვლილების არსებული სახით მიღების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხარისხი.

IDFI-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელწმიფო შესყიდვებში არ ფიქსირდება არსებითი ხარვეზები. მათი ინფორმაციით, პირდაპირი შესყიდვები უმეტეს შემთხვევებში ხორციელდებოდა მონეტარული ზღვრების შესაბამისად. როგორც ირკვევა, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პროცედურების საშუალებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 9 თვის განმავლობაში დაზოგა 830,350 ლარი, რაც 11,25%-იანი დანაზოგია.

როგორც ორგანიზაციის დასკვნაში ვკითხულობთ, პრობლემებს შორის რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეთა დაბალი მაჩვენებელი, ისევე, როგორც ორეტაპიანი ტენდერის გამოუყენებლობა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი მაქსიმალურად ვრცელდებოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რაც მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

“ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ზუსტად გამჭვირვალობის მსგავსი მაღალი სტანდარტი ხდის შესაძლებელს მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მონიტორინგი, რაც მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას უწყობს ხელს,” – აღნიშნავენ IDFI-ში.

საზოგადოებრივი მაუწუებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ IDFI-ის ერთი რამ ეშლება, როდესაც ამ ანალიზით აპელირებს:

“ჩვენ არც ამის შემდეგ არ ვფიქრობთ და არ ვგეგმავთ შესყიდვების იმ რეგულაციიდან გასვლას ტექნიკურ ნაწილში. ვგულისხმობ ტექნიკებისა და ტექნოლოგიური შესყიდვის ნაწილში იმას, რომ შეიძლება გავიდეთ შესყიდვების რეგულაციებიდან. საკითხი დგას იმაზე, პირობითად, კარგად რომ გესმოდეთ, დღევანდელი რეგულაცია კონტენტის შესყიდვასთან დაკავშირებით – რეჟისორს უთხრა, მან მსახიობი შეარჩიოს ჰონორარის მიხედვით და რომელსაც უფრო ნაკლები ჰონორარი ენდომება, ის დაასაქმოს თავის მთავარ როლზე. დაახლოებით ასეთი მოცემულობაა, რითაც უბრალოდ შეუძლებელია იმ კონტენტის მიღება, რომელიც გვინდა. ჩვენ ხომ არ ვამბობთ იმას, რომ კარგი მივიღოთ ან ცუდი. ჩვენ გვინდა იმ კონტენტის მიღება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში და ხედვაში ჩაჯდება.”

როგორც გვიმრაძე ამბობს, ბრმა შესყიდვის საშუალებით შეუძლებელია წინასწარ იცოდე, რას ყიდულობ და როგორ შეიძლება შემდეგ ის ბადეში განთავსდეს, არის თუ არა ის, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნებთან თანხვედრაშია და ა.შ.

“შეიძლება ახლა, რომ წამყვანი არ ვიცოდეთ, ვინ არის და ისე დავიწყოთ პროექტზე მუშაობა? შეიძლება ან ვინმეს წარმოუდგენია, რომ რომელიმე მედიამ არ იცოდეს, ვინ არის წამყვანი, ვინ პროდიუსერი, რა ჯგუფი მუშაობს ამა თუ იმ პროექტზე და ისე შემოიყვანოს ის თავის სივრცეში და ისე დაიწყოს მუშაობა? IDFI ითხოვს, რომ ის რეგულაციები, რომლის მოხსნასაც ამ ტიპის კონტენტზე ვითხოვთ, დარჩეს ისე, როგორც არის. ამ წუთის მონაცემებით, ჩვენ გარე შესყიდვა უნდა ვაწარმოოთ ტენდერის საშუალებით. ტენდერს ხაზს გავუსვამ, რომ აუდიტორიას კარგად ესმოდეს – ეს გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში, რა პროდუქტს მივიღებთ, ეს უნდა გადაწყვიტოს ფასმა და არა შიგთავსმა,” – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

კანონპროექტის ინიციატორები და მომხსენებლები, ნეტგაზეთის ინფორმაციით, იმიტომ არ გამოცხადდნენ დღეს დაგეგმილ კომიტეტის განხილვაზე, რომ მათ მეტი კონსულტაციების სჭირდებათ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ ვერ მოხერხდა ამ კანონპროექტის საბოლოო განხილვა სამი თვის თავზე, მაშინ, როდესაც დიდი ხანია მხარეებს თავისი არგუმენტები წარმოდგენილი აქვთ.

“ძალიან უცნაურია ეს. შეიძლება მათი პოზიცია, არ უჭერდნენ ამ კანონპროექტს მხარს, შეიცვალოს კიდეც იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ იმართება დამატებით კონსულტაციები უკვე პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე. არ ვიცი, ეს რას უკავშირდება, თუმცა იმედი მაქვს, დეპუტატებს ეყოფათ გონიერება, რომ საკუთარ ინიცირებულ კანონპროექტს უფრო დეტალურად გაეცნონ და აღარ დასჭირდეთ შემდგომი კონსულტაციები გადაწყვეტილების მისაღებად,” – ამბობს ძველიშვილი.

მას რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს, თუ რატომ არის წარმოდგენილი საკონონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგი.

“მთლიანად რომ შევხედოთ, რას გვთავაზობს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ცვლილებით, არის ის, რომ ეს ცდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. მას სურს უფრო კომერციალიზაციისკენ წასვლა; მას სურს გამონაკლისები შესყიდვების ნაწილში და ბიუჯეტის ნაწილში, რაც, ცხადია, აჩენს კორუფციის რისკებს. თუკი ის გავა შესყიდვების კანომდებლობიდან იმ ფორმულირებით, რაც დღეს არის დარჩენილი კანონპროექტში, ჩნდება კორუფციის მაღალი რისკები იმიტომ, რომ გაუმჭვირვალე ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების და სხვა პროდუქტების შესყიდვების პროცესი მთლიანად. სამოქალაქო საზოგადოებას აღარ ექნება საშუალება, დააკვირდეს, რაში იხარჯება ეს თანხა,” – ამბობს ნატა ძველიშვილი.

გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი ამბობს, ძალიან პრობლემურია მუხლი  საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ასევე გამონაკლისებს ითხოვს. მისი თქმით, ეს გამონაკლისები, საბოლოო ჯამში, არ უწყობს ხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჯანსაღებას:

“როდესაც მაუწყებელს ბიუჯეტიდან აქვს მილიონობით ლარის დაფინანსება, მაშინ ის ვალდებულია, ჩააბაროს ანგარიში საზოგადოებას – იყოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიგვაჩნია ის, რომ ვერ ვისმენთ არგუმენტირებულ დასაბუთებას, რატომ დაუდგა ამ ცვლილებების განხორციელების საჭიროება; როდის და რაში შეექმნა პრობლემა, ეს ანალიზი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ წარმოუდგენია. განმარტებით ბარათშიც კი სრულიად სასაცილოა, რაც წერია შესყიდვებთან დაკავშირებით; უწერიათ, რომ შეზუდული დროის გამო ვერ გეგმავენ და ვერდაგეგმვა ნებისმიერ საჯარო უწყებას ჰქონდეს პრობლემად, ამის გამო რომ ყველა უწყებამ გამონაკლისები მოითხოვოს, წარმოიდგინეთ, რა შედეგს მივიღებთ.”

ნატა ძველიშვილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია სპონსორობა და რეკლამის ზრდა, რითიც საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს სარეკლამო ბაზრიდან წაართვას თანხა კერძო სამაუწყებლო კომპანიებს და დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც იყო 2015 წელს კანომდებლობაში ცვლილებების შეტანამდე: “ამით ვუბრუნდებით ისევ იმ ლიმიტებს, რაც მანამდე იყო.”

მედიაექსპერტი ასევე აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკას, რომ მათ სურთ რეიტინგის მოპოვება მეგაშოუებით. ძველიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო არხებთან კონკურენციაში უნდა შედიოდეს ინფორმაციით და არა კომერციული პროექტებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.