ახალი ამბები

მექვაბიშვილი: აუდიტის სამსახური არ უნდა იყოს სადამსჯელო სტრუქტურა

19 სექტემბერი, 2017 • 2351
მექვაბიშვილი: აუდიტის სამსახური არ უნდა იყოს სადამსჯელო სტრუქტურა

“იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ სამსახურის ინსტიტუციონალურ შემდგომ განვითარებაზე, სამსახურის საქმიანობას თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვან”, – განუცხადა ჟურნალისტებს დღეს გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა ირაკლი მექვაბიშვილმა, რომელიც ამ წუთებში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდება.

მისი თქმით, მისი საქმიანობა ამ მიმართულებით ოთხ ძირითად პრინციპზე იქნება აგებული:

“ეს იქნება ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. რაც შეეხება თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანას, სამსახური ტექნოლოგიურად უნდა განვითარდეს, მისი საქმიანობა უნდა იყოს უფრო პრევენციული ხასიათის და არა რაიმე სადამსჯელო სტრუქტურა. თუმცა, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ კანონთან რაიმე შეუსაბამობაა, ძალიან მყისიერი შეფასება და რეაგირება მოჰყვება”, – განაცხადა მექვაბიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტმა მოახდინოს რეაგირება:

“პარლამენტთან ერთად დაწესდება მკაცრი მონიტორინგი ჩვენი რეკომენდაციების შესრულებაზე”.

რაც შეეხება იმას, განახორციელებს თუ არა საკადრო ცვლილებებს აუდიტის სამსახურში, მექვაბიშვილმა განაცხადა, რომ გენერალურ აუდიტორს კანონით აქვს უფლებამოსილება მინიჭებული, განახორციელოს ნებისმიერი საკადრო ცვლილება, თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება.

შეცვლის თუ არა, დანიშვნის შემთხვევაში, გენერალური აუდიტორის მოადგილეებს, მექვაბიშვილმა უპასუხა: “მოდით, ნუ გავისწრებთ მოვლენებს, თუ ამის აუცილებლობა დადგება, განვიხილავ ამ საკითხს”.

შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორის პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი