ახალი ამბები

მარნეულში “ოცნების” მიერ შეცვლილი მერობის კანდიდატის მხარდამჭერები აქციებს მართავენ

18 სექტემბერი, 2017 • 2350
მარნეულში “ოცნების” მიერ შეცვლილი მერობის კანდიდატის მხარდამჭერები აქციებს მართავენ

ამირან გიორგაძის მხარდამჭერებმა მარნეულში, “ქართული ოცნების” ოფისთან მმართველი პარტიის მიერ მერობის კანდიდატურის მოხსნა გააპროტესტეს, ხოლო შემდეგ თბილისში “ოცნების” სათავო ოფისისკენ გააგრძელეს აქცია.

“ჩვენ პოზიციას არ შევიცვლით. გვინდა, რომ ამირან გიორგაძე იყოს მარნეულის მერი. დღეს ასე ლამაზად ჩავიდეთ თბილისში და მოვახსენოთ ხელისუფლებას, რომ ვართ ამ ადამიანის გვერდით,” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამირან გიორგაძის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" სათაო ოფისთან. ფოტო: ლია ნოღაშვილი

ამირან გიორგაძის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია “ქართული ოცნების” სათაო ოფისთან. ფოტო: ლია ნოღაშვილი

“ქართულმა ოცნებამ” მარნეული მერობის კანდიდატად 7 სექტემბერს წარდგენილი ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით შეცვალა, თუმცა თავად ამირან გიორგაძემ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან დღეს გაიგო.

პარტიის გადაწყვეტილებით, არჩევის შემთხვევაში, ამირან გიორგაძე მარნეულის საკრებულოს უხელმძღვანელებს და იქნება მისი თავმჯდომარე, ხოლო მერობისთვის თეიმურაზ აბაზოვი იბრძოლებს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი კონფლიქტს ან რაიმე უთანხმოებას პარტიაში, გიორგაძე პასუხობს: “არ ვიცი, არა. ალბათ, დაზუსტდება და მერე შეიძლება გავაკეთო კომენტარი. ზოგადი ინფორმაცია მაქვს ახლა.”

მმართველმა გუნდმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები 7 სექტემბერს დაასახელა. შესაბამისად, ამირან გიორგაძის ბანერები “ქართულ ოცნებას” მარნეულის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე თითქმის ორი კვირაა გამოფენილი აქვს, როგორც მერობის კანდიდატის. სავარაუდოდ, მმართველი პარტია ამ ბანერებს მალევე ახლით ჩაანაცვლებს.

ამირან გიორგაძე - მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მარნეულში, რომელიც კამპანიის დაწყების შემდეგ თეიმურაზ აბაზოვით შეცვალეს. ფოტო: marneulifm.ge

ამირან გიორგაძე – მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მარნეულში, რომელიც კამპანიის დაწყების შემდეგ თეიმურაზ აბაზოვით შეცვალეს. ფოტო: marneulifm.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი