ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “გურია ნიუსის” ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს

18 სექტემბერი, 2017 • 2193
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “გურია ნიუსის” ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს, გიორგი გირკელიძეს, რომელსაც ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გოჩა ძიმისტარაშვილმა საკუთარ ფეისბუქ პოსტით ბრალი დასდო ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის და სპეცსამსახურის დაკვეთით ცილისმწამებლური სტატიის გამოქვეყნებაში, ამასთან, შეეხო მის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, როგორც მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ორგანიზაცია, მიუღებლად მიიჩნევს საჯარო პირების, პოლიტიკოსების თუ საარჩევნო სუბიექტების მიერ ჟურნალისტის დისკრედიტაციას და დაუსაბუთებელ ბრალდებებს. დაუშვებელია ჯანმრთელობის საკითხებით მანიპულირება. იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შენარჩუნებული იყოს ჯანსაღი მედიაგარემო და ამომრჩევლებმა მიიღონ საჭირო ინფორმაცია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების თავისუფალი და უსაფრთხო მუშაობა”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გოჩა ძიმისტარიშვილმა ფეისბუქზე 14 სექტემბერს გამოაქვეყნა პოსტი, რომლშიც გიორგი გირკელიძეს ცილისწამებაში დასდო ბრალი:

„დღეს გაზეთ “გურია ნიუსის“ ე. წ. ჟურნალისტმა გიორგი გირკელიძემ ჩემი მისამართით “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ბეგლარ სიორიძისა და სპეცსამსახურის დაკვეთით გამოაქვეყნა ცილისმწამებლური სტატია, რაშიც, როგორც შარშან, არჩევნების წინ ძაღლივით გადაუგდეს 500 ლარი. შარშანაც მინდოდა მემხილა ეს არსება, იგივე ოზურგეთელი მამალაძე, მაგრამ ვერ შევძელი და იცით რატომ, იმიტომ, რომ იმ სტატიის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ორ დღეში დამბლამ დაარტყა და კინაღამ “გევიდა” მარილზე.

ამ კაზახმა რამოდენიმე თვეა ისევ დაიწყო “ჯღაპვნა”და აი, არჩევნების წინ ისევ შეასრულა სპეცსამსახურებისა და ბეგლარის დაკვეთა. ვაი, მაგის პატრონს უბედურს. შარშან აღებული 500 ლარი სიცოცხლის ფასად კინაღამ დაუჯდა და დღეს იგივე კიდევ გაიმეორა. აბა, ამას ახლა ნორმალური კაზახი შეიძლება ერქვას?“-  აღნიშნული პოსტი „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ იმ ნიუსს მოჰყვა, რომელშიც მის კანდიდატობაზე და სამომავლო ხედვებზე იყო საუბარი.

“გურია ნიუსი“ მიიჩნევს, რომ მერობის კანდიდატის ცილისმწამებლური განცხადება პირადი ცხოვრების დეტალების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადამიანის, ჟურნალისტის შეურაცხყოფის და რეპუტაციის შელახვის ნიმუშია. შესაბამისად, მედიასახლი “გურია ნიუსი“ აპირებს სარჩელი სასამართლოში შეიტანოს. ამ ეტაპზე “გურია ნიუსი” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” გადის კონსულტაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი