ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს დაევალა დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენა

18 სექტემბერი, 2017 • 2152
იუსტიციის სამინისტროს დაევალა დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლების, ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის შესახებ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.  ეს ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა და ერთი თვის ვადაში ანა სუბელიანი და გათავისუფლებული თამაზ ახობაძე თანამდებობაზე უნდა აღადგინონ. სამინისტროს ასევე ევალება აღდგენამდე დაგროვებული, თითქმის ოთხი წლის ხელფასის ანაზღაურება.

“დასაბუთება ამ ეტაპზე არ ჩაგვბარებია, მხოლოდ და მხოლოდ შედეგია ჩვენთვის ცნობილი ამ ეტაპზე და, როგორც ჩანს, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ის საფუძვლები, რათა გაუქმებულიყო აპელაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ საქმის შინაარსი იყო, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ რეორგანიზაციის საფუძვლით, პირველ ინსტანციაშიც და აპელაციაშიც მოსამართლეებმა დაინახეს ის გარემოება, რომ ამ ადამიანების გათავისუფლების რეალური საფუძველი რეორგანიზაცია არ ყოფილა იმიტომ, რომ გვქონდა ძალიან ბევრი მტკიცებულება. მაგალითად, ის, რომ გაიზარდა ამ დაწესებულების ბიუჯეტი, საშტატო ერთეულებიც იყო გაზრდილი და არანაირად შტატების შემცირებას არ უნდა ჰქონოდა ადგილი ასეთ სიტუაციაში”,- ამბობს იურისტი შორენა ლოლაძე.

სამინისტროს ცნობით, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე).

“უზომოდ ვამაყობ საკუთარი თავით და თაზოთი! უერთმანეთოდ ვერაფერს შევძლებდით! ორივე ერთნაირი რქიანები რომ აღმოვჩნდით, პრინციპულები, მებრძოლები და ცოტა ტვინიც მოვაყარეთ მარილად ამ ყველაფერს, სწორედ ამან მიგვიყვანა ისეთ შედეგამდე, რომლისაც ჩვენ გარდა გარშემო არავის სჯეროდა”,-  წერს სუბელიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი