საქართველოს პრემიერი OGP-ის თავმჯდომარეობას ერთი წლით ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.  გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და  21 სექტემბერს სიტყვით გამოვა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას ერთი წლით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. 

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერის ორმხრივი შეხვედრები – 18 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ეუთოს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერს შეხვდება, ასევე – გაიმართება შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევსა და ავღანეთის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ ღანისთან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას – “გაეროს რეფორმები”, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ინოვაციური დაფინანსების განმტკიცების თემაზე დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის გახსნით სესიაში.

პრესსამსახურის ცნობით, იგეგმება, რომ გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება მაღალი დონის შეხვედრაზე თემაზე – ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმები, რომელიც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ბორის ჯონსონისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კოენდერსის თანათავმჯდომარეობით გაიმართება.  კვირიკაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს “ბლუმბერგის” გლობალური ბიზნესფორუმის ფარგლებში მაიკლ ბლუმბერგის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც. პრემიერ-მინისტრი ასევე მიწვეულია ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გაეროში დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com