პატრიოტთა ალიანისის წევრები პირველ ოქტომბერს კვლავ მოსკოვს ეწვევიან

პატრიოტთა ალიანისის წევრები 1 ოქტომბერს მოსკოვში აპირებენ გამგზავრებას. ამის შესახებ დღეს გამართულ აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ადა მარშანიამ განაცხადა.

მოსკოვში ამჯერადაც ადა მარშანია, ემზარ კვიციანი და გიორგი ლომაია გაემგზავრებიან.

პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთში, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს 2008 წლის ომის შემდეგ, 2017 წლის ივლისშიც იმყოფებოდნენ.

როგორც ამ ვიზიტის შემდეგ ადა მარშანიამ განაცხადა, მათ რუსულ მხარეს “საქართველო-ნატო-რუსეთის” ფორმატი შესთავაზეს. მარშანიას თქმითვე, რუსულმა მხარემ ამ იდეას “საინტერესო” უწოდა.

17 სექტემბერს გამართული აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ამ იდეის რეალიზებაა – პატრიოტთა ალიანსი ხელისუფლებას სთხოვს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ იდეის განსახორციელებლად.

როგორც დღეს აქციაზე განაცხადეს, 1 ოქტომბერს პატრიოტთა ალიანსი თბილისში კვლავ გამართავს აქციას, რომლის შემდეგაც მათი სამი წევრი მოსკოვში გაემგზავრება.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ  ივლისში ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ნატო არ აპირებს საქართველოს მომავალზე მოლაპარაკებას რუსეთთან.

“თუ ეს არის იდეა, რომ რაიმე ფორმით საქართველოს მომავალზე იმსჯელონ რუსეთმა და ნატომ, მაშინ ეს არის შეუძლებელი, არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო საქართველოს მომავალზე  არ აპირებს მოლაპარაკება აწარმოოს არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან”, – განაცხადა აპატურაიმ.

პატრიოტთა ალიანსი აქციას მართავს. 17 სექტემბერი, 2017. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

პატრიოტთა ალიანსი აქციას მართავს. 17 სექტემბერი, 2017. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com