სოსო ოხანაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ოხანაშვილი: თეთრუაშვილი და ანდრიაძე პატრიარქის სახლში ტერორიზმში ბრალდებულებს აცხოვრებდნენ

სოსო ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აცხადებს, რომ 2016 წლის აპრილში, პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე ტერორიზმში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეებს ილია მეორეს სახლში თვითნებურად აცხოვრებდნენ. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სასამართლოში დაკითხვის აუდიოჩანაწერს რუსთავი 2 ავრცელებს.

“შორენასთან ბოლოს მე კონფლიქტი მქონდა და არ ვლაპარაკობდი. ეს მოხდა 2016 წლის აპრილში. ჩვენმა სამსახურმა პატრიარქის სახლში (ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე) აღმოაჩინა თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პიროვნება, რომელთაგანაც ერთი უკვე სასჯელს იხდიდა,” – აცხადებს ოხანაშვილი.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ტერორიზმში ბრალდებული პირები ილია მეორის სახლში შორენა თეთრუაშვილმა და გიორგი ანდრიაძემ დააბინავეს. გარდა ამისა, როგორც ოხანაშვილი აცხადებს, მათ ტერორიზმში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რეკომენდაციაც გაუწიეს.

“რა თქმა უნდა, მივედი უწმინდესთან და სიტყვა-სიტყვით წავუკითხე, რაც მომწერა კონტრდაზვერვის უფროსმა. პატრიარქმა არაფერი იცოდა, რა თქმა უნდა. ის ძალიან შეწუხდა და ზომების მიღება მთხოვა – გამოვიდნენ იქიდან, არ შეიძლებაო. იმ ღამესვე გადავიყვანე ეს ადამიანები სხვაგან, რომლებიც ფაქტობრივად გიორგი ანდრიაძემ მიიყვანა პატრიარქის სახლში,” – ამბობს ოხანაშვილი აუდიოჩანაწერში, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ბრალდებების საპასუხოდ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ საუბარია ლაზებზე, რომლებსაც მსოფლმხედველობრივი პრობლემები აქვთ თურქეთის ხელისუფლებასთან და არა ტერორისტებზე.

როგორც ანდრიაძე ამბობს, ლაზები თურქეთიდან საქართველოში კანონიერად შემოვიდნენ და “არა ტყით”. მისი თქმით, ისინი ახლაც იმყოფებიან საქართველოში და ძალიან განაწყენებულები არიან მათ შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციით.

გიორგი ანდრიაძის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა მსოფლმხედველობის ლაზები ჩამოდიან და ის თავადაც ჩართულია ე.წ. ლაზურ პროექტში. როგორც საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, შორენა თეთრუაშვილი “საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ” არ მონაწილეობს ამ საკითხში და მხოლოდ თვითონ არის პასუხისმგებელი.

ანდრიაძის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება “პატარა კონფლიქტშია” ევროპულ სტრუქტურებთან, ხოლო ერთ-ერთი ლაზი, რომელიც პატრიარქის სახლში ცხოვრობდა, ევროსაბჭოს სტრუქტურამ გაამართლა. მისი აზრით, საქართველოს კოჰაბიტაციური ხელისუფლებაც დევნის ლაზებს. ანდრიაძე მიიჩნევს, რომ “საქართველოს სიყვარულით გულანთებული” ლაზები თბილისში ზოგს არ მოსწონს, მათ შრის საქართველოს პრეზიდენტსაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.