ახალი ამბები

მერაბიშვილს – პატიმრობა, ჭიაბერაშვილს – 20 ათასლარიანი გირაო

22 მაისი, 2013 • 1870
მერაბიშვილს – პატიმრობა, ჭიაბერაშვილს – 20 ათასლარიანი გირაო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს დილიდან დაიწყეს შეკრება ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას, ვანო მერაბიშვილის დასჯას და ციხეში ჩასმას მოითხოვდნენ. პარალელურად ქუთაისში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, მოიყარეს თავი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თითქმის მთელი დღის მანძილზე პატრულირებდა პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა. მათ გაკეთებული ჰქონდათ კორიდორი, თუმცა ამის მიუხედავად, მცირე ინციდენტებს, ძირითადად, სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეების ნაწილი ცოცხებით მივიდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეების ნაწილი ცოცხებით მივიდა

 

პოლიციის კორდონი ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან
პოლიციის კორდონი ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან

საბოლოოდ, სასამართლო დარბაზში ორივე მხარის წარმომადგენლები (25-25 ადამიანი) შეუშვეს. მოწინააღმდეგეები იარუსზე განათავსეს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ქვემოთ – დარბაზში. სასამართლოს შენობასთან სასამართლოს დასრულებამდე იმყოფებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცათ, როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების მხრიდან.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სასამართლო პროცესზე
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სასამართლო პროცესზე

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნისა და კახეთის გუბერნატორის სასამართლო პროცესი დღეს, 22 მაისს, 17:40 საათზე დაიწყო. მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომლებიც გუშინ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს, ბრალი გააცნო, თუმცა მათ წაყენებული ბრალი არ აღიარეს.

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.

მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში ასევე ფიგურირებს მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება მის მოღვაწეობას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეხება კერძო საკუთრების – კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისებას მაშინდელი შს მინისტრის მიერ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორებმა მოითხოვეს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. პროკურორებმა მიუთითეს, რომ მაღალი სასჯელის შიშით, შესაძლოა, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა, საკუთარი ფართო კონტაქტებისა და მდგომარეობის გამოყენებით, დატოვონ ქვეყანა, მოახდინონ გავლენა მოწმეებზე და ხელი შეუშალონ გამოძიებას. ერთ-ერთ არგუმენტად დასახელდა ის ფაქტიც, რომ 21 მაისს, მას შემდეგ, რაც მერაბიშვილს დაკითხვის უწყება ჩაბარდა, მისმა ცოლმა საქართველო დატოვა. ამის საპასუხოდ მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მან მეუღლეს დაკავების თაობაზე აუწყა, თაკო სალაყაიამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. სალაყაიამ დღეს “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ საფრანგეთიდან საქართველოში გამთენიისას დაბრუნდება. 

პროკურორები
პროკურორები

 

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, რომ არ იქნას გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება. მათი თქმით, არაუფლებამოსილმა პირმა დაიწყო გამოძიება და, შესაბამისად, მოპოვებულ მტკიცებულებებს არ აქვს იურიდიული ძალა. ადვოკატები პროკურატურის შესახებ კანონის მე-8 მუხლზე მიუთითებენ, რომელიც ეხება იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთა წინააღმდეგაც იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და არა პროკურორი. თუმცა აღნიშნულ მუხლში საუბარია მოქმედ თანამდებობის პირებზე, კერძოდ:

“იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტისა და წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას”.

 

თავად ჭიაბერაშვილმა განმარტა, რომ ელჩის სტატუსი მუდმივია და, შესაბამისად, მასზე კანონის ეს ნორმა უნდა გავრცელებულიყო.

 

ადვოკატების განცხადებით, ასევე, არ არსებობდა სასამართლოს განჩინება ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის დაკავებაზე, განჩინების გარეშე დაკავება კი, მათი თქმით, დაშვებულია მაშინ, როცა არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა:

“პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა”.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი

ადვოკატების განცხადებით, მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი არასდროს დამალულან გამოძიების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ უკიდურეს შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო თავდებით გაეთავისუფლებინა დაკავებულები. მოსამართლეს მათ გადასცეს საპარლამენტო უმცირესობის წევრების სია, რომლებიც თავდებად უდგებიან ვანო მერაბიშვილს, ასევე, ყოფილი და მოქმედი დიპლომატების სია, რომლებიც ზურაბ ჭიაბერაშვილს უდგებიან თავდებად.

ამის შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის კითხვა-პასუხი გაიმართა. 21:30 საათზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დაახლოებით 5 საათს გრძელდებოდა. წინასასამართლო სხდომა 15 ივლისისთვის ჩაინიშნა.

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი